შსს-ს წარმომადგენლებმა სამაგიდო-სამეთაურო უწყებათაშორის ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა

შსს-ს წარმომადგენლებმა სამაგიდო-სამეთაურო უწყებათაშორის ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა

   14-18 ივლისს ქალაქ თბილისში საქართველოს შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით ჩატ��არდა სამაგიდო-სამეთაურო უწყებათაშორისი ვარჯიში ,,სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო დაგეგმარება და თანამშრომლობა ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს". აღნიშნული ღონისძიება საქართველოში აშშ-ს საელჩოს, ევროპაში აშშ-ს სარდლობის, აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის და აშშ-ს არმიის საინჟინრო კორპუსის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

ტრენინგის დასასრულს, სწავლებაში მონაწილე შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტების წარმომადგენლებს სერთიფიკატები გადაეცათ.

 

სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს: შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და საგანგებო სიტუაციების მართვის ერთიან სისტემაში შემავალი ყველა სხვა სამინისტროს და ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.

 

ვარჯიშის მიზანს წარმოადგენდა ფართომასშტაბიანი კატასტროფების დროს უწყებათაშორისი კოორდინაციის გაუმჯობესება, საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და საერთაშორისო დახმარების მოთხოვნის, მიღებისა და განაწილების პროცედურების დახვეწა.

 

ტრენინგის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ გვარდიაში გახსნილი იყო კრიზისების მართვის უწყებათაშორისი ოპერატიული მართვის ცენტრი, ხოლო შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების ბაზაზე – საველე ოპერაციების ცენტრი. ვარჯიში სიმულაციური სცენარის მიხედვით წარიმართა. სტიქიური უბედურების ადგილად ქალაქი რუსთავი და მისი მიმდებარე ტერიტორია იყო გამოცხადებული. სწავლების სცენარის მიხედვით, "ძლიერი მიწისძვრის" შედეგად შენობები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობები იყო "დაზიანებული", საიდანაც მოხდა დაზარალებული ადამიანების გამოყვანა, სახელდახელოდ მოწყობილ ,,კარვების ქალაქში" დაბინავება და მათი საკვებითა და პირადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მსგავსი ვარჯიში, ამერიკული მხარის ხელშეწყობით, სისტემატურად ტარდება და საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: