ღარიბაშვილის სალტომორტალე და კაზანტიპის ფესტივალს შეწირული საქართველო!

ღარიბაშვილის სალტომორტალე და კაზანტიპის ფესტივალს შეწირული საქართველო!

ივანიშვილის  აკვიატებული მითი, რომ მას ჰყავდა „ძალიან ეფექტური მთავრობა, კარგი და ძალიან კარგი მინისტრები“, საპნის ბუშტივით გასკდა.

ღარიბაშვილის გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, რაც ფასადურ ცვლილებებს უფრო წააგავს, დაადასტურა, რომ მთავრობა არსებითი განახლებისთვის არ ემზადება. სიტყვა „განახლებაში“ მარტო მინისტრების შეცვლას არ ვგულისხმობ - მთლიანად სისტემაა შესაცვლელი, რომელიც „ნაციონალებისგან“ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მემკვიდრეობით მიიღო.

პრემიერის მიერ განხორციელებული მოკლე როქი - სოზარ სუბარისა და ელგუჯა ხოკრიშვილის სხვა სამინისტროებში გადამისამართება - გვაფიქრებინებს, რომ ამჯერადაც მაღალი რანგის საჯარო მოხელეთა შერჩევის კრიტერიუმები ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ღარიბაშვილი ვერ ხსნის, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია  ბატონ სუბარს დევნილებისთვის, ან რამდენად იყო იგი წარმატებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე, ან რა კრიტერიუმებით შეირჩა ბატონი ხოკრიშვილი ჯერ ინფრასტრუქტურის, ხოლო ახლა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრად? ან რითია ეს უკანასკნელი უკეთესი ნამინისტრალ ხათუნა გოგალაძეზე?!

ვეთანხმები ბ-ნ კახი კახიშვილს, რომ „წმენდაში“ მოჰყვნენ მხოლოდ ის მინისტრები, რომლებსაც პოლიტიკური „კრიშები“ არ ჰყავდათ. არადა, პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებული საკადრო ცვლილების ლოგიკით, მთლიანად მთავრობა უნდა გადამდგარიყო. ვერავინ დამარწმუნებს, რომ განათლების მინისტრი ქალბატონი თამარ სანიკიძე ან საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი მაია ფანჯიკიძე უფრო ეფექტურად მუშაობდნენ, ვიდრე, ვთქვათ სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, ან თუნდაც დიასპორის მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე.

უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ ბატონი პრემიერი არც ამჯერად „გაგვაოცებს“ საკუთარი საკადრო გადაწყვეტილებებით, რადგან, თუ კულისებიდან გამოჟონილი ინფორმაციით ვიმსჯელებთ, კადრების შერჩევის კრიტერიუმები არსებითად არ იცვლება - ალხანას ჩალხანათი ჩაანაცვლებენ, მთავრობას კი ეს ნაბიჯი „რევოლუციურ“ გადაწყვეტილებად ჩაეთვლება.

სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს მართვის მეთოდები უცვლელია - ბუნებრივია ეს ღონისძიებაც რაღაცის გადაფარვის და საზოგადოების ყურადღების არაარსებით მოვლენებზე გადატანის მიზნით კეთდება.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ეროსი კიწმარიშვილის თემა დიდხანს ვერ იმუშავებს, ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების მოთხოვნა - გაირკვეს გარდაცვალების რეალური მიზეზები - ალბათ დიდხანს, ან საერთოდ, უპასუხოდ დარჩება.

მთავრობა დაყრუებულის პოზიციაშია კაზანტიპის „მუსიკალური“ ფესტივალის ჩატარება-არჩატარებასთან დაკავშირებითაც. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში და ქართულ მედია-საშუალებებში სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მრევლი ღიად საუბრობს ამ ე.წ. ფესტივალის დამანგრეველ შედეგებზე და მას არც მეტი, არც ნაკლები, სოდომ-გომორის ცოდვას ადარებენ, ხელისუფლება დუმს, რაც იმის ნიშანია, რომ დაყრუვდა და მას საზოგადოების ხმა არ ესმის!

მართალია, ჯერჯერობით აქტიური პროტესტი ქუჩებში გამოსვლით არ გამოუხატავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, 20 აგვისტომდე დარჩენილ დროში მართლმადიდებელი მრევლი ამ უზნეობისა და აღვირახსნილობის დემონსტრირებას არ შეურიგდება და ხელისუფლებასაც უკან დახევა მოუწევს!

სხვა თუ არაფერი, რა ისეთი სარგებლობა უნდა მოგვიტანოს ამ კაზანტიპური ორგიებიდან მიღებულმა შემოსავალმა, რომ ერის სასიცოცხლო ინტერესები გადაწონოს?!

ახლა ისევ სამთავრობო ცვლილებებს დავუბრუნდეთ. ღარიბაშვილმა რამდენიმე მინისტრს „წითელი“ აუნთო და ამით საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. წესით და კანონით, როცა 5 მინისტრი (ამბობენ შვიდს, მაგრამ 2 „ახალი“ ძველი კადრია) თანამდებობას ტოვებს, მას მთლიანად მთავრობის გადადგომაც უნდა მოჰყვეს! ამ შემთხვევაში ღარიბაშვილს არ განუცხადებია, რომ მთავრობა გადადგა-როგორც პრემიერ-მინისტრი თვითონაც იხსნის პასუხისმგებლობას და პრეზიდენტის გადასაწყვეტია, რა შემადგენლობით წარადგენს ახალ სამთავრობო გუნდს პარლამენტში დასამტკიცებლად.

საქართველოს კონსტიტუციით, როცა მთავრობის წევრთა შემადგენლობის 1/3 ტოვებს თანამდებობას, ავტომატურად დგება მთლიანად მთავრობის უნდობლობის საკითხი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამის აუცილებლობაზე არავინ საუბრობს, პირიქით, უკვე დაანონსდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მალე წარუდგენს პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტის ძველ-ახალ შემადგენლობას...
რა ხდება?


აშკარად ვარღვევთ კონსტიტუციას, თუ ამ ძირითად კანონში ისეთი ხვრელი არსებობს, რომლის თაობაზე საზოგადოებამ არაფერი იცის! იქნებ სააკაშვილს ტყუილად ვაბრალებდით, რომ ჩოხასავით ირგებდა კონსტიტუციას და დღესაც კოალიციური შეთანხმება უფრო მაღლა დგას ქვეყნის ძირითად კანონზე?!

თუ საქართველოს კონსტიტუციით, პრეზიდენტის პრეროგატივაა ახალი მთავრობის ფორმირება, მაშინ, რა გარანტია აქვს ირაკლი ღარიბაშილს, რომ ისევ მას წარადგენენ? მითუმეტეს, მარგველაშვილთან გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, ან რამდენად მყარია კოალიციური ერთობა, რომ პარლამენტი გრიალ-გრიალით დაამტკიცებს მთავრობის ძველ-ახალ შემადგენლობას?

 თუ გავიხსენებთ ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ  „იაღლიშებს“ ღარიბაშვილსა და ხიდაშელს შორის, ახლა ყველაზე მეტი შანსი ეძლევათ რესპუბლიკელებს და პრემიერთან ფარულად დაპირისპირებულ თანაგუნდელებს, შური იძიონ ღარიბაშვილზე და პრეზიდენტის მხრიდან შემოთავაზებული ძველი-ახალი მთავრობა არ დაამტკიცონ!

მართალია, დღევანდელი კონსტიტუციით, ამ შემთხვევაში ცენტრალური ფიგურა პრეზიდენტი ხდება (მას აქვს უფლება პარლამენტის მხრიდან ზედიზედ სამჯერ წარდგენილი მთავრობის არდამტკიცების შემთხვევაში დაითხოვოს პარლამენტიც) და მას სრული უფლებამოსილება ენიჭება საკუთარი შეხედულებით დააკომპლექტოს მთავრობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველაფერი შეთანხმებულია და ღარიბაშვილი ამ შემთხვევაში  ხარაკირს არ იკეთებს!

დიახ, გარანტიები რომ არ არსებობდეს, დღევანდელი პრემიერი ასეთ სარისკო ნაბიჯზე არ წავიდოდა.

აქ ორი მომენტი იჩენს თავს: საქართველოს დღეს  ან „უჩინარი ხელი“ მართავს (სახელს და გვარს არ დავასახელებ) და ვინც მის ნებას არ დაემორჩილება,  ეგრევე „თავი გაგორდება“.

ან, კოალიციური დაპირისპირება შეიძლება პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს, რასაც ამ ხელისუფლების პოლიტიკურ მოუსავლეთში გამგზავრება მოჰყვება. აქედან გამომდინარე, მიუხედავად ერთმანეთის მიმართ სიმპათია-ანტიპათიებისა, „ქართული ოცნება“ ყველაფრის ფასად ეცდება დიდხანს დარჩეს ხელისუფლებაში. მითუმეტეს, „ერთადერთი“ ოპოზიცია („ნაციონალები“) უკვე მიჯირყვნილია (თუ პროვოკაციები არ აგორდა, ან დღევანდელ ხელისუფლებას გამოუსწორებელი შეცდომა არ დააშვებინეს), ხოლო, დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი დაჭურისებული.

სწორედ ხელისუფლებით ტკბობა აიძულებთ „ოცნებელებს“ შეინარჩუნონ მოჩვენებითი სიმშვიდე და საზოგადოების თვალში მყარ პოლიტიკურ გაერთიანებად წარმოჩინდნენ...

ჯერჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს მინისტრთა გამონთავისუფლებულ პორტფელებს, მაგრამ ქვეყანაში სასიკეთოდ რომ არაფერი შეიცვლება, ცხადია - ხელისუფლებას სისტემური ცვლილებების გაგონებაც არ სურს. შორს რომ არ წავიდეთ, ამის უტყუარ მაგალითად მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაც გამოდგება - იმდენი თითიდან გამოწოვილი და უფუნქციო სამინისტროებია, რომელთა შერწყმა-გაერთიანებით კოლოსალური ფინანსური რესურსებიც დაიზოგება და მობილური მართვის ორგანოც შეიქმნება - მთავრობა ამ ნაბიჯზე არ მიდის. გასაგებია, რატომ! აქედან გამომდინარე, ვინც ფიქრობს, რომ ღარიბაშვილის გუშინდელი ტრიუკებით ქვეყანაში რამე შეიცვლება, ან მართლაც მეოცნებეა, ან ძალიან გულუბრყვილო - საქართველო ისევ იგივე ჭაობში დარჩება და ფასადური ცვლილებები მას ნამდვილად არ შველის!

თუმცა, პრობლემა არა იმდენად ხელისუფლების უუნარობაში, ან თვითნებობაშია, არამედ, საზოგადოების დახავსებულ ცნობიერებაში, რომელსაც შავი თეთრისგან ვერ გაურჩევია და ტკბილ ნუგბარს დაჩვეული ბავშვივით ცრუ მოლოდინით იკვებება.

„სინოპტიკოსები“ „ცხელ“ შემოდგომას გვპირდებიან.  ნამდვილად არ ვიცი, რა შეიძლება გახდეს ჯანსაღი ძალების აზვირთების მიზეზი, მაგრამ, ასე დიდხანსაც რომ არ გაგრძელდება, ფაქტია - ხელისუფლებას რეალური ოპონენტი უნდა გამოუჩნდეს და ეს რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს!

P.S. მავანი და მავანი დღევანდელ ხელისუფლებას „ნაციონალებთან“ ადარებს და ამტკიცებს, რომ, როგორც იქნა ჯოჯოხეთი მოვიშორეთ და ახლა „სამოთხეში“ შესასვლელად ვემზადებით.

არ ვიცი, ვის რა ეჩვენება სამოთხედ, მაგრამ სხვა რაღაცებს რომ თავი დავანებოთ, „ოცნების“ აქტივში ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება და უცხოელებზე მიწის გასხვისების რეანიმაცია უკვე ჩაითვალა. წინ ურთულესი გამოცდა ელის ხელისუფლებას - კაზანტიპის ფესტივალი არა მარტო ტესტი, არამედ საბედისწერო შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს, არა მარტო მისთვის, არამედ საქართველოსთვისაც...
უფალო შეგვიწყალე!

ზაურ ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: