რა საკითხზე აპირებს ხუთშაბათს ფარდის ახდას და ვის ამხელს უგულავა?
გიგი უგულავა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩემს საქმეზე საქართველოს პროკურატურის მთავარი მოწმე არის საერთაშორისო თაღლითი ჯოზეფ ქეი. მინდა საზოგადოებას ვაუწყო, რომ ხელისუფლება ჯოზეფ ქეისთან შესულია გარიგებაში რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ პირველი ჩვენების მიცემისას, მაშინდელმა ფაქტობრივად, მთავარმა პროკურორმა ლაშა ნაცვლიშვილმა ბიძინა ივანიშვილის სახელით შეპირდა, რომ დაეხმარებოდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავაში. სანაცვლოდ მოსთხოვა ჩემსა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ცრუ ჩვენების მიცემა. ჯოზეფ ქეიმ საეჭვო გარემოებებში მისცა ცრუ ჩვენება ჩემი და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, რის შემდეგ პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოში გაიმარჯვა ოჯახის წინააღმდეგ დავაში. (დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეადარონ თარიღები და მოვლენათა ქრონოლოგია და ამაში დარწმუნდებიან).
ამის შემდეგ ჩემი და კეზერაშვილის მიმართ წარმოებული საქმე გაიწელა, ხოლო შუალედში, პირადად ბიძინა ივანიშვილისგან ინა გუდავაძემ მიიღო დახმარების პირობა. (სანაცვლოდ შემიძლია ვივარაუდო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოითხოვა საქართველოში სიმდიდრით მეორე ადამიანის წინასაარჩევნო მხარდაჭერა და ტელეკომპანია "იმედის" ლოიალური დამოკიდებულება). ამის შემდეგ პატარკაციშვილების ოჯახი უზენაეს სასამართლოში იგებს ხსენებულ დავას, თუმცა მეტალურგიურის გარშემო დავა ამით არ ამოწურულა. ხსენებული საქმის გარდა საქართველოს სასამართლოებში კიდევ ორი პროცესია, რომელთაგან ერთ-ერთი შეეხება ქარხნის ტერიტორიაზე არსებულ წიდას, რომლის გარეშე ქარხანა ფაქტიურად უფუნქციოა. ამ საქმეშიც დარჩენილია უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი წიდასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, ხელისუფლებამ კვლავ "გადააგდო"" პატარკაციშვილების ოჯახი და ჯოზეფ ქეი დღეს ან ხვალ გაიმარჯვებს ხსენებულ საქმეში. (თუ ეს გადაწყვეტილება დღეს უკვე არ გამოიტანა სასამართლომ). ხელისუფლება იმდენად დაბრმავებულია შურისძიებით, არად აგდებს ქარხნის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამ გადაწყვეტილებით ქარხანა ვეღარ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას და უამრავი ადამიანი უსამსახუროდ დარჩება. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია ამ აფიორაში ჩართულია ხელისუფლების ყველა შტო, მათ შორის სასამართლო. ამ თემასთან დაკავშირებულ დეტალებზე ვაპირებ ვისაუბრო ხუთშაბათს სასამართლო პროცესზე, რათა ფარდა აეხადოს ამ ფარსს"