რატომ ჩავდივარ მჟავანაძის მატარებლიდან? ანუ, გადამალეთ ვაზელინი და მახათი!...
უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ, ღრმადპატივცემულმა ნიკოლოზ მჟავანაძემ (ეტყობა, ძალიან დიდი კაცია, ამდენ უფლებადამცველს რომ აერთიანებს), ჩვენთვის საკმაოდ ორიგინალური (ჩვენთვის იმიტომ, რომ ევროპის ცივილიზებულ ქვეყნებში თურმე არახალია - ძველია) ინიციატივა გააჟღერა.
უფლებადამცველთა შეფი იმ ადამიანების (მოქალაქეების) მიმართ სანქციების დაწესებას ითხოვს, ვინც არჩევნებზე საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებს. ისიც შევიტყვეთ, რომ ამ საკითხზე „კვალიფიციურ“ პარტიებს წინასწარ ეთათბირა და მხარდაჭერაც მიიღო თურმე.
მართალია, სანქცია ლიბერალური, ანუ, არც ისე მძიმე იქნება, მაგრამ, როგორც ბატონი მჟავანაძე გვიხსნის, ეს კანონის დონეზე უნდა დაფიქსირდეს. ოღონდ, არა მარტო საარჩევნო კანონის დონეზე, არამედ ,კონსტიტუციითაც უნდა იყოს დადასტურებული (რას ერჩიან ამ საცოდავ კონსტიტუციას). მისი სავალდებულობა.
კიდევ კარგი, მჟავანაძე ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ იბრალებს, თორემ ნობელის პრემიაზე იქნებოდა წარსადგენი - სხვა საკითხია მიანიჭებდნენ თუ არა!
უფლებადამცველთა შეფი ხელისუფლებას მოუწოდებს,გამოიჩინოს პოლიტიკური ნება და ეს „ორიგინალური“ ინიციატივა სავალდებული გახადოს!
არ ვიცი, რა რესურსებით ფინანსდება უფლებდამცველთა გაერთიანება და ვის ინტერესებს ახმოვანებს ბატონი მჟავანაძე (კინაღამ ვასილი წამომცდა), მაგრამ, ეს ნამდვილად რომ ეწინააღმდეგება ყბადაღებულ დემოკრატიულ „ღირებულებებს“, ცხადია.
შე მამაცხონებულო, რატომ მაიძულებ მივიდე იქ, სადაც არ მინდა მივიდე, მითუმეტეს, თუ არჩევანიც არ მაქვს?!
მართალია, მრავალპარტიულობა, პოლიტიკური პლურალიზმი, არჩევნების გზით ხელისუფლების არჩევა თუ შეცვლა, ე.წ. დემოკრატიის თანმდევი პროცესებია, მაგრამ, მე რომ არჩევნებზე ჩემი პოზიცია დავაფიქსირო, არჩევანის საშუალება უნდა მომცე - კომუნისტური არჩევნების მარაზმზე რომ არაფერი ვთქვა, მე უკვე (და ალბათ სხვებსაც) თითქმის 25 წელია არჩევანის გაკეთება მიწევს ცუდსა და უარესს შორის და ვღებულობ იმას, რასაც ვღებულობ!
მომბეზრდა ბატონო ეს კუკუდამალაბანას თამაში და ახლა ჩემი პროტესტი არჩევნებისადმი ბოიკოტით მინდა გამოვხატო და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ჩემი თანამოქალაქეები ცნობიერებას (ხელისუფლებისადმი დამოკიდებულებას) არ შეიცვლიან და სახელმწიფოებრივად აზროვნებას არ მიეჩვევიან. ისე გამიხადე საქმე სირილ-სირბილით მივიჩქაროდე საარჩევნო ყუთისკენ და აბა ნახეთ, ვინმე თუ დამასწრებს!(როცა ვამბობ მეს, ჩემს თანამოაზრეებსაც ვგულისხმობ)
შენ თუ დამავალდებულებ მაინც მივიდე, გადავხაზავ ყველას, ან ცარიელ ბიულეტენს ჩავაგდებ (ასე მოვიხდი კონსტიტუციურ ვალდებულებას) იმ „მაგიურ“ ყუთში, ჩემსავით სხვაც მოიქცევა და მერე მოგჭამათ ჭირი - არჩევნები ჩატარებულად არ ჩაითვლება.
ახლა მთავარი - თუ მე ყოველდღე მიკიჟინებენ, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ და მალე ევროპასაც გავაოცებთ „ქართული დემოკრატიით“, მაშინ, სადაური წესია, დამავალდებულო ის, რაც არ მინდა - დემოკრატია თუ არჩევანის თავისუფლებაა, მე ჩემს არჩევანს არჩევნებზე არმონაწილეობით გამოვხატავ და შენ რა უფლება გაქვს, ეს შემიზღუდო?1
ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, თუ საიდან იღებს სათავეს ეს ინიციატივა, მაგრამ, რატომღაც მეგონა, რომ საქართველოში ვაზელინების დეფიციტი იყო და მახათიც არ იშოვებოდა!
თუმცა, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ! დავაკვირდეთ, აიტაცებს თუ არა ამ ინიციატივას ხელისუფლება და დაჯილდოვდება თუ არა ნიკოლოზ მჟავანაძე სახელმწიფო პრემიით.
თქვენი არ ვიცი და მე უკვე ჩავდივარ მჟავანაძის მატარებლიდან.
ზაურ ნაჭყებია