კაზანტიპს -არა, ყველანი აქციაზე!
26 ივლისს, სახელწმიფო კანცელარიასთან კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით მშვიდობიანი აქცია იმართება. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია ცნობილი ბიზნესმენი ლევან ვასაძე.
როგორც „ივერიონი“ იტყობინებოდა, მშვიდობიან აქციას წირვის დამთავრების შემდეგ სასულიერო პირებიც შეუერთდებიან.
თუ უხერხულობაში არ ჩაგვეთვლება, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც სერიოზულად დაინტერესდა ამ „მუსიკალური ფესტივალის“ პერიპეტიებით და შეეცადა გაეშიშვლებინა აღვირახსნილობამდე დასული შოუს ნამდვილი სახე.
როგორც მოსალოდნელი იყო, კაზანტიპის ფესტივალისადმი მიძღვნილმა სტატიებმა დიდი დაინტერესება ჰპოვა საზოგადოებაში, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს ამაზრზენი სანახაობა უმტკივნეულოდ არ ჩაივლის და ხელისუფლებასაც კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.
ყურადღებით გავეცანი როგორც „ფესტივალის“ ჩატარების მომხრეების, ისე მოწინააღმდგეების კომენტარებს და კიდევ ერთხელ მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენ უკიდურესობაში გადავარდნილი ერი ვართ - არა მარტო ურთიერთსიყვარული და პატივისცემა, არამედ, კამათის და საკუთარი აზრის დაფიქსირების ელემენტარული კულტურაც არ გაგვაჩნია. სამწუხაროდ, ეს თანაბრად ეხებათ როგორც ერთ (მოწინააღმდეგე), ისე მეორ მხარესაც. არ შეიძლება ყველა ერთნაირად აზროვნებდეს. ყველას ერთნაირად მოსწონდეს, ან არ მოსწონდეს, მაგრამ არსებობს ტაქტი და ელემენტარული მორალი, რომლის გადაბიჯება არ შეიძლება.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ იცი, რომ ამ ფესტივალის საქართველოში ჩატარება შენს ტერიტორიაზე სოდომ-გომორის ცოდვის ტოლფასია და ეს არ უნდა დაუშვა, იმას, ვინც ფიქრობს, რომ ეს უბრალო გართობაა (თავისუფლებას) და მეტი არაფერი, სიყვარულით უნდა აუხსნა, რომ ცდება და სათანადო არგუმენტებით უნდა გაამყარო შენი პოზიცია.
ჩვენთან კი რა ხდება? უკანასკნელი სიტყვებით ვეძგერებით ერთმანეთს და ინტერნეტსივრცეში თუ პირად საუბრებში უზნეო და უხამსი სიტყვების კორიანტელს დავაყენებთ.
რატომ? რისთვის? უდავოა, რომ ურთიერთმიტევებისა და ურთიერთსიყვარულის გარეშე ივერია ნამდვილად ვერ გაბრწყინდება. ცუდია, როცა ორი უკიდურესობა ასე რადიკალურად ეჯახება ერთმანეთს!
ახლა ისევ კაზანტიპის „ფესტივალს“ დავუბრუნდეთ. ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ეს სატანისტური სანახაობა მართლმადიდებელ საქართველოში არ ჩატარდეს.
საზოგადოებას აქვს იმის უფლება, მოსთხოვოს ხელისუფლებას ამ მუსიკალურ სანახაობას ამოფარებული მარაზმის გაუქმება.
მიუხედავად იმისა, რომ ფესტივალის ჩატარების მომხრეები მათთვის დამახასიათებელი ეპითეტებით „ამკობენ“ ეკლესიას და ურჩევენ მას „თავისი საქმე“ აკეთოს, მიმაჩნია, რომ სწორედ ეკლესია უნდა იდგეს ამ მოვლენის შუაგულში და თავის მრევლს სწორ „ულუფას“ უნდა აწვდიდეს.
მიუხედავად ცალკეული სასულიერო პირების აქტიურობისა, ჯერჯერობით ზოგადად ეკლესიის (წმინდა სინოდის) პოზიცია უცნობია.
სწორედ ეკლესიამ უნდა აუხსნას ავის სამწყსოს რა იმალება ამ კარგად შეფუთული ჩანაფიქრის მიღმა და უმოქმედობის შემთხვევაში დაისჯება თუ არა უფლისგან საქართველო!
ის, რომ აქციას სასულიერო პირებიც შეუერთდება კარგია, მაგრამ აქცია აქციისთვის არ უნდა ჩატარდეს - კაზანტიპზე უფრო დიდი უზნეობა იქნება თუ ვინმე ამ საპროტესტო (მშვიდობიანი) მსვლელობას პოლიტიკური ქულების ჩასაწერად გამოიყენებს.
თუ სოციალური ქსელიდან მიღებული შთაბეჭდილებებით ვიმსჯელებთ, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უკვე გაცნობიერებული აქვს, რა უზნეობის დემონსტრირებასთან გვაქვს საქმე კაზანტიპის ფესტივალის სახით და რა ზიანის მოტანა შეუძლია მას საქართველოსთვის.
აქედან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება, რომ აქციას ათასობით ადამიანი შეუერთდება და თავის პოზიციას დააფიქსირებს. ერთ-ერთი პირველი მეც ვიქნები, რადგან მიმაჩნია, რომ კაზანტიპის სახით უფალი ახალ განსაცდელს გვიმზადებს და გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს. როგორ ჩავაბარებთ ამ გამოცდას, უალოესი მომავალი გვიჩვენებს.
იმედი ვიქონიოთ, რომ ხელისუფლება საზოგადოების გაწყობას არ დაუპირისპირდება!
საბა საბახტარაშვილი
26 ივლისს-აქცია კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით
შაბათს, 26 ივლისს, 19:30 საათზე, სახელმწიფო კანცელარიასთან იმართება მშვიდობიანი სამოქალაქო აქცია კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით.
აქციის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი, რომლის წევრები არიან ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე და სოსო მანჯავიძე.
აქციას შაბათის ლოცვის შემდეგ შეუერთდებიან სასულიერო პირები და სხვადასხვა ეკლესიის მრევლი.
აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული ტრადიცია, სულიერება და ღირებულება შეუერთდნენ აქციას.