ჰკითხეთ ლელა კაკულიას - ჩატარდება თუ არა კაზანტიპი!
ამ ორიოდე კვირის წინ ვწერდი, ქვეყანას, რომელსაც ჰყავს ისეთი „ნათელმხილველი“ და „წინასწარმეტყველი“, როგორიც ლელა კაკულიაა, ასეთ სერიოზული პრობლემები არ უნდა ჰქონდეს-მეთქი.
ეს აზრი კიდევ უფრო „გამიმყარდა“, როცა „ქრონიკა +“-ში მასთან ჩაწერილი ინტერვიუ წავიკითხე. ისეთ შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩვენ სათანადოდ არ ვუგდებთ ყურს კაკულიას „წინასწარმეტყველებებს“ და „კოსმოსიდან“ მიღებულ „კოსმიურ“ ინფორმაციება არ ვითვალისწინებთ!
სახტად დავრჩი, როცა შევიტყვე, რომ ეროსი კიწმარიშვილის ტრაგიკული გარდაცვალება ქართველ „ვანგას“ ჯერ კიდევ 2004 წელს უწინასწარმეტყველებია, ასევე წინასწარ სცოდნია ზურაბ ჟვანიას და გურამ შარაძის თავს დატრიალებული ტრაგედიაც...
ჩვენ ისეთ ეპოქაში და ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ცნობადი სახეების მოცილება არ უნდა გვიკვირდეს - ვიღაცა ვიღაცას ხელს უშლის, ვიღაცას „ზედმეტი“ ინფორმაცია აქვს და მისი ფიზიკური განეიტრალება აუცილებელია.
აქედან გამომდინარე, იმის „წინასწარმეტყველება“, რომ ზოგადად მაღალი რანგის პოლიტიკურ ფიგურას ჩამოიშორებენ, არც ისე ძნელია. თუ ქალბატონ ლელას ასეთი უტყუარი ხილვები აქვს, ალბათ ისიც უნდა იცოდეს, ვინ არის ამ მკვლელობების უშუალო დამკვეთი და შემსრულებელი - გამოძიებასაც თავის მტვრევა არ დასჭირდება და ჩვენც ამოვისუნთქავთ!
ეგ კიდევ არაფერი, ქართველი „წინასწარმეტყველი“, უფრო შორს მიდის და მსოფლიო პოლიტიკის ლაბირინთებშიც აფათურებს ხელს. თურმე უკრაინის ტრაგედია დამოკლეს მახვილივით რუსეთის მხრებზე ჰკიდია, თურმე ამერიკა ამ თახედობას რუსეთს არ აპატიებს და რუსეთის მზეც მალე ჩაესვენება, თურმე ეს მთავრობაც უდღეურია და ახალი ეროვნული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, თურმე ამერიკა რუსეთს კუდით ქვას ასროლინებს და საქართველოდან გააძევებს, თურმე ივერიაც მალე გაბრწყინდება, თურმე, თურმე...
მართალია, წინასწარმეტყველები არსებობდნენ, მაგრამ ისინი სულ სხვა მადლით იყვნენ გასხივოსნებულნი და მითუმეტეს, ასეთ პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებდნენ. ეტყობა, კაკულიას შემთხვევაში სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე.
ძნელი მისახვედრი არ არის, საიდან იღებს ეს ქალბატონი ასეთ „სარწმუნო“ ინფორმაციებს და რატომ ემთხვევა ერთი ერთზე ყველა მისი „წინასწარმეტყველება“, მაგრამ ეს ნაკლებად საინტერესოა. მე უფრო საშიშ სიმპტომებს ვხედავ იმაში, რომ ამ წინასწარმეტყველებებს ფართო გასაქანი აქვს ქართულ მედიაში, რაც საზოგადოების დაბოლებისა და ტვინის გამორეცხვის ფუნქციას ასრულებს!
ამჯერად კოლეგიალობის გამო დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მიმაჩნია, რომ უფრო დიდი დანაშაულია, როცა ასეთ ცრუ წინასწარმეტყველებების ტირაჟირებას აკეთებ და შეგნებულად შეგყავს საზოგადოება შეცდომაში.
დღეს სერიოზული განსაცდელის წინაშე დგას საქართველო - თუ რამე არ ვიღონეთ, შეიძლება ანაკლია სოდომ-გომორის ჭეშმარიტ წყაროდ იქცეს!
ჰკითხეთ ერთი ლელა კაკულიას, ავიცდენთ თუ არა კაზანტიპს, თუ ასეთ ინფორმაციებს არ იღებს კოსმოსიდან?!
ზაურ ნაჭყებია