პირველკლასელებისთვის სახელმძღვანელოები მსუბუქ და გამძლე ქაღალდზე იბეჭდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ სასკოლო სახელმძღვანელოების გაუმჯობესებულ ხარისხთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამის" მიმდინარეობის თაობაზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს "მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას". პროგრამის ფარგლებში სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა :
საქართველოს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს;
კერძო სკოლების სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წევრ მოსწავლეებს;
2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილებს;
იმ კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც ამ სკოლის პრივატიზებამდე სწავლობდნენ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში;
ახალგორის მუნიციპალიტეტის და გალის რაიონის (ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლა) ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებს, სადაც სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე.
სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვას ახორციელებს კომპანია "გაერთიანებული ქართული სტამბა", რომელიც საქართველოს ბაზარზე არსებული მსხვილი სტამბების "ფავორიტი", "ფორმა", "მვპ" და "სეზანი" გაერთიანების საფუძვცელზე, საქართველოს პოლიგრაფისტთა ასოციაციის რეკომენდაციით შეიქმნა. სტამბის მიერ დაბეჭდილი სახელმძღვანელოს ღირებულება 2014 წელს საშუალოდ 2.3 ლარია. გარდა ამისა, 2013 და 2014 წლებში სხვადასხვა ადგილობრივი გამომცემლობებიდან სახელმძღვანელოების სოლიდური ოდენობის შესყიდვას ახორციელებს როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, ასევე თავად გაერთიანებული ქართული სტამბა.
სახელმძღვანელოების საჭირო რაოდენობა გამოთვლილია 2013-2014 წლების ცვეთის მაჩვენებლის გამოყენებით და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, რომელმაც წლის განმავლობაში რამდენჯერმე შეაფასა სისტემაში არსებული სახელმძღვანელოების მდგომარეობა სპეციალურად შექმნილი პროგრამის მეშვეობით და დაადგინა ვარგისი სახელმძღვანელოების მოსალოდნელი მაჩვენებელი სასწავლო წლის დასასრულისათვის. აღსანიშნავია, რომ კვლევის მიხედვით პირველკლასელთა სახელმძღვანელოების შემთხვევაში ცვეთა უფრო მაღალია. შესაბამისად ადგილობრივი სტამბებისა და გამომცემლობებიდან 2014-2015 სასწავლო წლისთვის სრული საჭირო რაოდენობიდან დაახლოებით 50-60%-მდე ახალი სახელმძღვანელოს შესყიდვა განხორციელდება.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად - საქართველოს მასშტაბით სასწავლო წლის მიმდინარეობისას სახელმძღვანელოები ჩაანაცვლა 195 მოსწავლის მშობელმა (289 სახელმძღვანელო). ძირითად მიზეზად სახელდება სახელმძღვანელოების დაკარგვა. საქართველოს მასშტაბით გასულ წელს 25 მოსწავლის მშობელმა სხვადასხვა მიზეზით განაცხადა უარი სახელმძღვანელოების მიღებაზე.
2013-2014 წლებში, გასულ წლებთან შედარებით, გაუმჯობესებულია ქაღალდისა და საღებავის უვნებლობის ხარისხი. ასევე მთავარი სიახლეა, რომ გაერთიანებული ქართული სტამბა პირველი კლასის ყველა სახელმძღვანელოს ბეჭდავს თანამედროვე სპეციალურ საბეჭდ ქაღალდზე, რომელიც გამოირჩევა სიმსუბუქითა და გამძლეობით. შესაბამისად მოსწავლისთვის ბევრად იოლია მისი მოხმარება.