ნატოს PDP-ის პროგრამის მესამე ფაზა იწყება
ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP) ახალ ეტაპზე გადავიდა. PDP-ის პროგრამის მესამე ფაზის დაწყება დღეს საზეიმოდ აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე დაესწრო. მან მონაწილეებს სიტყვით მიმართა და პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
პროგრამის ახალი ფაზის პრეზენტაციას საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროგრამის ახალი ეტაპი საჯარო სამსახურში სისტემური რეფორმის განხორციელებას და ნატოსთან დაკავშირებით საქართველოს პრიორიტეტების რეალიზების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების სექტორს დაეთმობა. ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის განხორციელების შემდეგი ეტაპი მეორე ფაზის შეფასების საფუძველზე შემუშავებულ რეკომენდაციებსაც ითვალისწინებს.
პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში ორგანიზაციული განვითარებისა და სისტემური რეფორმების მხარდაჭერა მოხდება. მესამე ფაზა ასევე ითვალისწინებს საქართველოს საჯარო ორგანიზაციებში მოქმედი პროფესიული განვითარების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარებას და კონკრეტული საჯარო მოხელეების უნარ - ჩვევების დახვეწას სპეციალური პროგრამებითა და პრაქტიკული კონსულტაციებით.