ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა განახევრდება
ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების არასაბრძოლო მისია გაგრძელდება და მათი რაოდენობა - 750 გახდება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ პარლამენტში რამდენიმე გაერთიანებული კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
"მომავალ წელს გაგრძელდება ავღანეთში ჩვენი მისია, არასაბრძოლო მისიის კუთხით. ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება პრემიერთან ერთად, შევამციროთ ნახევრამდე - 750 ჯარისკაცამდე.
ჩვენი სამხედროების მონაწილეობა NATO-ს მომავალ ოპერაციაში და განთავსების ადგილები ძირითადად იქნება მაზარში, სადაც გვეყოლება გერმანულ კონტიგენტთან ერთად შეიარაღებული ძალების ერთი ასეული და ასევე ერთი ბატალიონი ბაგრამსში, ამერიკელებთან ერთად.
აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს შესაბამისი წვრთნები და საბრძოლო მომზადების დონე, აღჭურვილობა იძლევა იმის სრულ საფუძველს, რომ ეს მისიაც იქნება წარმატებული." - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.