კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნის პეტიცია

კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნის პეტიცია

   სახელმწიფო კანცელარიასთან კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციაზე ხელი მოეწერა პეტიციას, რომელიც ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს გაეგზავნება. პეტიციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს!

ბატონო პრემიერ-მინისტრო,

მოგეხსენებათ, რომ ამა წლის 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით, ანაკლიაში დაგეგმილია, თავის დროზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული, ეგრეთწოდებული "კაზანტიპის ფესტივალის" გამართვა. აღნიშნული ფესტივალის კონცეფცია და მისი მრავალწლიანი პრაქტიკა ადასტურებს, რომ ის ემსახურება გარყვნილების დანერგვას და ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ არის მიმართული.

ასევე ცნობილია, რომ ეს ფესტივალი არის ახალგაზრდების მიერ ნარკოტიკების მასიურად მოხმარების ადგილი. რაც კიდევ უარესია მისი ორგანიზატორები მას არ მიიჩნევენ უბრალოდ მუსიკალურ ფესტივალად, გაფორმებული ჰყავთ ეს ორგანიზაცია "დამოუკიდებელი სახელმწიფოს" სტატუსით, ჰყავთ "მთავრობა" და აქვთ საკუთარი "კანონები და წესები." ამრიგად მათი ფესტივალის ტერიტორიაზე ისინი ცნობენ ამ არალეგიტიმურ წარმონაქმნის სტრუქტურებს. ამგვარად ისინი არღვევენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის იურისდიქციას და არიან არა ფესტივალის, არამედ მკვეთრად გამოხატული სექტის თვისებების მატარებელი ორგანიზაცია.

ამიტომ ამგვარი ღონისძიების საქართველოში ჩატარება არღვევს საქართველოს კანონმდებლობასა და საზოგადოებრივ წესრიგს, შეურაცხყოფს ჩვენს საზოგადოებას და იწვევს სამართლიან აღშფოთებას. აქედან გამომდინარე ღონისძიების მიმდინარეობისას მოსალოდნელია უმართავი პროცესების განვითარება. ჩვენი კონსტიტუცია კი კრძალავს საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შუღლის გამომწვევი ღონისძიებების ჩატარებასა და მხარდაჭერას.

ზემოთმოყვანილ არგუმენტებთან შედარებით უსუსურია დამატებითი ტურისტული შემოსავლების არგუმენტის მოყვანა. ჩვენს ქვეყანას ისედაც არ აკლია ტურისტების მოძალება, ეს სექტორი ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სექტორია ჩვენ ეკონომიკაში და "კაზანტიპის" მსგავსი შემოსავლები არ არის არც აუცილებელი და არც მისაღები მისთვის, განსაკუთრებით იმ მავნებლობასთან და საფრთხეებთან შეწონვით, რომლებზეც მოგახსენეთ.

გაუგებარია, რა მოსაზრებების გამო დათანხმდა ქართული სახელმწიფო საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელი ფესტივალის ჩატარებას. დაუშვებელია, რომ საზოგადოების ნების იგნორირება ნორმად გადაიქცეს.

იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაითავისებს პასუხისმგებლობას, არ დაუპირისპირდება საზოგადოებას და არ დაუშვებს ამ ფესტივალის გამართვას.

პატივისცემით,

პეტიციის ინიციატორთა ჯგუფი:

ლევან ვასაძე

იოსებ მანჯავიძე

ზვიად ტომარაძე"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: