მუფთი პრემიერ-მინისტრმა დააიმედა

მუფთი პრემიერ-მინისტრმა დააიმედა

სრულიად საქართველოს მუფთმა, ჯემალ პასქაძემ  დღეს ბათუმის ორთა ჯამეში რამაზან-ბაირამის დღესასწაულზე საზეიმო ლოცვა აღასრულა.

 

მუფთმა სრულიად საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, ქართველ სუნიტებსა და შიიტებს რამაზან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გუშინ გამართული საზეიმო ვახშამის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საზეიმო ღონისძიებაზე "ნახევარსაუკუნოვანი საკითხები გადაწყდა".

"ბაირამს წინ უძღოდა ერთთვიანი მარხვა დილის გარიჟრაჟიდან საღამოს დაბინდებამდე.  ამ ცხელდღეებში მრევლი დაახლოებით 18 საათიან მარხვას ასრულებდა, საღამოობით კი 30-მუხლიან ლოცვებს აღავლენდა. განურჩევლად ერისა და რწმენისა, ვისურვებდი, საქართველოში ყოფილიყოს ურთიერთსიყვარული, პატივისცემა და თანაგრძნობა. წუხელ დედაქალაქში ვიმყოფებოდით, სადაცპრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასულიერო პირები ვახშამზე მიგვიწვია. ძალიან კმაყოფილი დავბრუნდით, ნახევარსაუკუნოვანი საკითხები გადაწყდა. მან გაახარა ჩვენი მრევლი და სამუფთო სამმართველო. ყოველ დღე დავიღალეთ შეკითხვებით, როდის გაკეთდებოდა და გაკეთდებოდა თუ არა მეჩეთი. ეს არის დემოკრატიისა და დღევანდელი ხელისუფლების წინ გადადგმული ნაბიჯი. კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი გულწრფელობა და საზოგადოების  ნდობა. დალოცვილი ყოფილიყოს თითოეული თანამდებობის პირი, განსაკუთრებით - საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

ჩვენ გვწამს, რომ შესრულდება დანაპირები და გაკეთდება მეჩეთი. მრევლს მოვუწოდებ მოთმინებისკენ. ყველაფერი გაკეთდება ისე, როგორც უნდა მრევლს და როგორც შეეფერება ღვთისმსახურებას. დღევანდელი დღის მადლით სრულიად საქართველო გამთლიანებულიყოს და თითოეული ქართველი დალოცვილი ყოფილიყოს", - აღნიშნა ჯემალ პაქსაძემ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: