კაზანტიპის ღირსი ხარ, შენ, საქართველო!

კაზანტიპის  ღირსი ხარ, შენ, საქართველო!

ეს სიტყვები შაბათ საღამოს  სახელმწიფო კანცელარიის წინ კაზანტიპის ფესტივალის გაუქმების მოთხოვნით ჩატარებული „მრავალათასიანი“ აქციიდან დაბრუნებულმა ფეისბუქსტატუსად დავდე და „ივერიონის“ მკითხველს შევპირდი, რომ უფრო დალაგებულად საკუთარ პოზიციას მოგვიანებით დავაფიქსირებდი.

გადაჭარბებული იმედი არ მქონია, მაგრამ, რაც იმ საღამოს ვიხილე, სხვაგვარი შეფასების საშუალებას ნამდვილად არ იძლევა. „სხვისი ჭირი, ღობეს - ჩხირი“, გამიგია, მაგრამ საკუთარი ჭირიც, ღობეს ჩხირი თუ იოქნებოდა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. მივყვეთ თანმიმდევრობით.

პირველი ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა აქციის დაანონსებული ორგანიზატორებიდან ლევან ვასაძემ აქციამდე ერთი დღით ადრე ოფიციალური განცხადება გააკეთა და უარყო არა მარტო აქციის თანაორგანიზატორობა, არამედ, მონაწილეობაც.  თუ  მის განცხადებას დავეყრდნობით,  პეტიციაზე კი მოაწერა ხელი, მაგრამ ესეც თანამოაზრეების თხოვნით გააკეთა.

 


დანამდვილებით არავინ იცის, თანამოაზრეებმა დააბრალეს მას აქციის თანაორგანიზატორობა, თუ ვასაძე, როგორც იტყვიან, ქვეშიდან გამოვიდა, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: აქციამ არასერიოზული ხასიათი შეიძინა და პეტიციაზე ხელმოსაწერად და შვიდობიანი პროტესტის დასაფიქსირებლად თითზე დასათვლელი ხალხი მოვიდა. თუ რას ნიშნავს ეს და რა კოზირი მივეცით ამით ხელისუფლებას, ქვემოთ ვისაუბრებ, ამჯერად ლევან ვასაძეს დავუბრუნდები.

რატომ დაიღალა მეხანძრეობით ლევან ვასაძე?!

ვასაძე მარტო განცხადებით არ შემოფარგლულა, თავისი პოზიციების დასაფიქსირებლად „პალიტრა-ტვ“-ს ეწვია და მისთვის დამახასიათებელი დამაჯერებლობით აგვიხსნა, რა წარმოდგენა აქვს მას კაზანტიპზე და რატომ არის წინააღმდეგი საქართველოში მისი ჩატარების.

ვასაძე თვლის, რომ ეს არ არის მუსიკის ფესტივალი ტრადიციული გაგებით - კაზანტიპი შენიღბული ბოროტებაა, სადაც გასაქანი ეძლევა სექსუალურ აღვირახსნილობას და სადაც ნარკოტიკის მოხმარება ჩვეულებრივი მოვლენაა.

მისი აზრით, კაზანტიპი სექტანტური ორგანიზაციაა, ხოლო მის სახელთან ასოცირებული ე.წ. ფესტივალი რიტუალური აქტია, რომელსაც რაღაც ძალა მფარველობს.

როგორც ვთქვი, ქართველი ბიზნესმენი კატეგორიული წინააღმდეგია კაზანტიპის ე.წ. მუსიკალური ფესტივალის ჩატარების, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე, თუ რას გააკეთებს პიროვნულად ეს მარაზმი საქართველოში რომ არ ჩატარდეს!

ვასაძეს კატეგორიული პოზიცია ჰქონდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებითაც, მაგრამ მისი აღშფოთება სატელევიზიო გამოსვლებს არ გასცდენია და მხოლოდ უკან მიდევნებული ლამპრის ფუნქცია შეასრულა - კანონი მაინც მიიღეს, საზოგადოებას კი მისი აღშფოთებიდან მხოლოდ ერთი ფრთიანი ფრაზა დაამახსოვრდა, რომელიც პარლამენტარებს შეუთვალა - თუ ამ კანონს მიიღებთ, იქიდან გამოგრეკავთო!

ისე არაფერი გეტკინოთ - ჩვენი ბედოვლათი კანონმდებლები ისევ იქ არიან. ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა კი „ღირსეული“ ადგილი დაიკავა ქართულ კანონშემოქმედებით ისტორიაში!..

სამწუხაროდ, ამჯერადაც ვასაძის პატრიოტიზმი მხოლოდ სატელევიზიო ორატორობითა და მუშტის ქნევით შემოიფარგლება და იმის აფიშირება, რომ „ქვეყანა იღუპება“, „ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია“, „ეს ფესტივალი არ უნდა ჩატარდეს“, „მე აქციაზე არ მივდივარ, მაგრამ თუ დავინახე, რომ საჭირო ვარ, აქციაზეც წავალ და ანაკლიასაც მივადგები“ - თბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულობას იწვევს.

არა მგონია ვასაძის მიერ ე.წ. პეტიციაზე ხელმოწერამ და თითზე ჩამოსათვლელი „გაბრაზებული“ ხალხის აქციაზე გამოჩენამ ირაკლი ღარიბაშვილს გული აუჩუყოს და ეს სატანისტური ვაკხანალია ჩაიშალოს!

არ მინდა ყურადღების მიღმა დავტოვო ლევან ვასაძის ორი ფრიად ორიგინალური მინიშნება:

1.    კაზანტიპი მიშას ოცნება იყო.
2.    სულ ხანძრის ჩაქრობაში ვარ და როდემდე უნდა ვაქრო ეს ხანძარი?

თუ კაზანტიპი მიშას ოცნება იყო,  ცოტა გაუგებარია,რა დაუშლიდა „ყოვლისშემძლე იმპერატორს“ სისრულეში მოეყვანა თავისი  ოცნება!

თუმცა, თუ ბატონი ლევანი ანაკლიის, როგორც „სტრატეგიული ობიექტის“ ფუნქციას გულისხმობს, არ გამოვრიცხავ, ამ სტრატეგიაში კაზანტიპის მსგავსი ანტიქართული ღონისძიებები ყოფილიყო  დამალული.

რაც შეეხება მეხანძრის ფუნქციას, ფრიად საპატიო მოვალეობაა, მაგრამ უფრო დიდი ვაჟკაცობა იქნება ხანძრამდე არ მივიყვანოთ საქმე - თუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში კაზანტიპი მაინც ჩატარდა, მის ჩაქრობას მერე ვასაძინაირი მეხანძრეც ვერ უშველის!

შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვასაძემ საზოგადოების ყურადღება საკუთარი „ცეცხლოვანი“ გამოსვლებით მიიპყრო, მაგრამ მარტო სიმართლის თქმა და მოვლენის საღად შეფასება რომ საკმარისი არ არის, დრომ დაადასტურა. მეორეც, თუ ერის მამობაზე გაქვს პრეტენზია, ილია ჭავჭავაძესავით უნდა მოიქცე, თუნდაც მეორე წიწამური დაგვჭირდეს . სხვაგვარად ყველაფერი დარჩება ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!..

 


როგორ დავამარცხოთ უნდობლობის ჭია და
როგორ ვუშველო ქვეყანას!


შაბათის აქციაზე ხალხი ფაქტიურად არ მოვიდა. ბევრი ამას არაორგანიზებულობას აბრალებს. არიან ისეთებიც, ვისაც სჯერათ, რომ არა ვასაძის წინასწარი განცხადება, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებს ვერ დაიტევდა.

ასე თუ ისე, ხალხი ვერ მოგროვდა და ის ფარატინა ქაღალდი, რომელსაც ორგანიზატორებმა პეტიცია დაარქვეს, ხელმოწერების გარეშე დარჩა. დანამდვილებით არ ვიცი, რამდენი ხელმოწერა მიაღწევს ღარიბაშვილამდე, მაგრამ მის მიზანდასახულობაში წინასწარ ეჭვი მეპარება. როგორც ჩემს ადრინდელ სტატიაში ვწერდი, ვიღაცებს ეს ინიციატივა ქულების ჩასაწერად უფრო სჭირდებოდათ, ვიდრე კაზანტიპის ფესტივალის ჩასაშლელად - როდის იყო ასეთ  ჩუმ და უღიმღამო პროტესტს რომელიმე ხელისუფლება ყურს ათხოვებდა?!

ეს რომ წინასწარ დაგეგმილი და ქულების ჩაწერაზე გათვლილი შოუ იყო, იქიდანაც ჩანდა, რომ აქციის ორგანიზატორები მადლობას უხდიდნენ იქ მისულ თანამოქალაქეებს, რომ ისინი სიცხეს არ შეუშინდნენ და მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვა (პეტიციაზე ხელის მოწერა) არ დაიზარეს.

უფრო „შთამბეჭდავი“ იყო სიტყვით გამომსვლელთა „ულტიმატუმი“ - თუ ხელისუფლება კაზანტიპს არ ჩაშლის, კუდით ქვას ვასროლინებთო (ეს ნამდვილად ჰგავდა ლევან ვასაძის მუქარას - თუ ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიიღებთ, პარლამენტიდან გამოგრეკავთო).

თქვე მამაცხონებულებო, აქციის მიზანი ამ ე.წ. „ფესტივალის“ ჩაშლა უნდა ყოფილიყო და არ მუქარა - თუ არ ჩაშლით, ხალხს ვერ გადაურჩებითო.კი, მაგრამ რომელ ხალხს, რომელიც „შეწუხდა“ და კანცელარიასთან მოვიდა, თუ იმათ, ვინც საერთოდ ფეხებზე დაიკიდა კაზანტიპი თუ მაზანტიპი და ამ გაგანია სიცხეში „ხორცის გაგრილებას“ დაეწაფა?!

უკვე კამათობენ იმაზე, რომ აქციას ლიდერი არ ჰყავდა და ამიტომ ფაქტიურად ჩაიშალა. თუმცა, არავინ საუბრობს იმაზე, რომ თვითმარქვია ლიდერებმა თავიანთი დრო უკვე მოჭამეს და ხალხს მათ დანახვაზე ალერგია ემართება!..

ვემიჯნები იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ საქართველოს პრობლემა ლიდერების დეფიციტშია და უფრო იმათ მხარეზე ვიხრები, ვინც დარწმუნებულია, რომ თუ ერის ცნობიერება შეიცვლება და პრიორიტეტებიც გამოიკვეთება, უფალი ჭეშმარიტ მესაჭესაც გამოაჩენს.

მანამდე კი, თვითორგანიზება უნდა ვისწავლოთ. რად უნდა კაზანტიპის ფესტივალის  საწინააღმდეგო აქციას ლიდერი, ან ორგანიზატორი? თუ იცი, რომ შენს მომავალს ანგრევენ და შენი უდარდელობით უფლის რისხვა არ დაგაკლდება, გამოდი და საკუთარი პოზიცია დააფიქსირე - აიძულე ხელისუფლება არ ჩადგეს სატანის სამსახურში და საკუთარ კეთილდღეობას არ გადააყოლოს საქართველოს მომავალი!

მართალია, გულისამრევია ადგილობრივი მოსახლეობის „არგუმენტების“ მოსმენა, რომ ეს ფესტივალი მათ შვებას მოუტანს და წელშიც გაიმართებიან, მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ ამ ხალხს რეალური საშიშროება დავანახოთ და მათი სული გროშებზე არ დახურდავდეს?! არც არაფერს!

ერთი სიტყვით, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, 20 აგვისტომდე დარჩენილ დროში საზოგადოების განწყობა არსებითად არ შეიცვლება და არც ხელისუფლება იტყვის იმ ათეულ მილიონებზე უარს, კაზანტიპის ფესტივალიდან  რომ ელოდებიან, თუ მაინც და მაინც ამ ფესტივალიდან ამაზრზენმა ფაქტება გამოჟონა, განტევების ვაცის ძიება ძნელი არ იქნება - ჯოხი გიორგი სიგუაზე გადატყდება და მის კისერზე ჩამოკიდებენ ყველა იმ უბედურებას, რაც ამ ვაკხანალიის ჩატარებასთან იქნება დაკავშირებული.

 


სასწაულიც რომ მოხდეს და ქართველმა გოგო-ბიჭებმა იქ საერთოდ არ შეიხედონ, ქართულ მიწაზე ამ ზნედაცემულობის დემონსტრირებას უფალი მაინც არ გვაპატიებს.

პირველი სიმპტომებიც უკვე სახეზეა - წუხელ ვანში მოულოდნელად მოვარდნილმა ღვარცოფმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. რაც შეეხება უფლის სასჯელს, იგი გაცილებით დამაგრეველი იქნება და არა  მხოლოდ მის მონაწილეებზე და მომხრეებზე, არამედ სრულიად საქართველოზე გადანაწილდება.

რა ვქნათ, გულხელდაკრეფილი ვიჯდეთ და ველოდოთ, განიხილავს თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებოდ გამომცხვარ პეტიციას და გვეცოდინება თუ არა 20 აგვისტომდე მისი უდიდებულესობის პოზიცია?

P.S. სიცრუე გამოდგა აქციის ორგანიზატორების მიერ დაანონსებული ინფორმაციაც, რომ აქციას შაბათს საღამოს ლოცვის დამთავრების შემდეგ სასულიერო პირები და მართლმადიდებელი მრევლიც შეუერთდებოდა. ჯერჯერობით ეკლესია (საპატრიარქო) მხოლოდ „ლაითი“ განცხადებით და ფესტივალის ანტიმართლმადიდებლური ხასიათის მხილებით შემოიფარგლა. არა მგონია, ამან რაიმე გავლენა მოახდინოს ფესტივალის მომხრეებზე, ან მრევლში საპროტესტი მუხტი გააძლიეროს -თუ კაზანტიპი ბოროტების დემონსტრირებაა, მაშინ ისიც უნდა გვითხრან, თუ როგორ დავამარცხოთ ეს ბოროტება!

 ზაურ  ნაჭყებია

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: