საყდრისის მცველებმა სკანდალური დოკუმენტი გაასაჯაროეს
საყდრისის მცველებმა-"პატრიოტთა ალიანისის" გენერალურმა მდივანმა - ირმა ინაშვილმა, ჟურნალისტმა - ნინო მიქიაშვილმა და ირაკლი ლომიძემ, დღეს, "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, საყდრისთან დაკავშირებული, სკანდალური დოკუმენტი გაასაჯაროეს.
"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს განადგურების გეგმა დასახეს. ამ შეხვედრის მონაწილეები იყვნენ: კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და ამავე უწყების ორი წარმომადგენელი - პაატა გაფრინდაშვილი და მანანა ვარძელაშვილი; ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე; ქართულ-გერმანული ექსპედიციის ხელმძღვანელები - ირინე ღამბაშიძე და თომას შტოლნერი; კომპანია "არემჯი გოლდის" დირექტორი - სოსო ცაბაძე და ამავე კომპანიის კიდევ ერთი წარმომადგენელი; გერმანიის საელჩოდან - მონიკა ლეჰარდი. ასევე, საელჩოს კიდევ ერთი თანამშრომელი.
ამ შეხვედრაზე, არც კი უმსჯელიათ საყდრისის არსებული სახით შენარჩუნებაზე, მონაწილეებმა თომას შტოლნერის წინადადებები განიხილეს. ვკითხულობ ამონარიდს მისი ერთ-ერთი წინადადებიდან:
"საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე შესაძლებელია განხორციელდეს გადარჩენითი ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური სამუშაოები, მათ შორის ტრი დე სკანირება, რათა შემდეგ, სრულად გასუფთავდეს არეალი სამთამადნო სამუშაოებისათვის". შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტების - პროფესორ ალბრეხტ იოკენჰოველისა და პროფესორ ვენელინ ჟელევ ჟელევის მიერ მომზადებული რეკომენდაციის ფარგლებში იმოქმედებენ და საბაზისო დოკუმენტად გამოიყენებენ თომას შტოლნერის წინადადებებს.
შეგახსენებთ, რომ იოკენჰოველი და ჟელევ ჟელევი თავიანთ ანგარიშებში მკაფიოდ მიუთითებენ იმას, რომ საყდრისი არის მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღარო, მაგრამ რეკომენდაციებში მის დანგრევას მწვანე შუქს უნთებენ.
ჩვენ, საყდრისის მცველები არ დავუშვებთ საყდრისის დანგრევას. თუ ჩვენს ხელთ არსებულ ოფიციალურ დოკუმენტში მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება, შეხვედრის მონაწილეებს მოვუწოდებთ შესაბამისი განმარტება გააკეთონ და თქვან, რომ ოფიციალურ დოკუმენტში ფაქტები დამახინჯებულადაა ასახული",-განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.