ნუ წავართმევთ უფლებას-სათამაშოები შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის
"სიცოცხლის ხე" – ყველა ბავშვს აქვს თამაშის უფლება
გარემოში არსებულ სხვადასხვა საგნებთან შეხებით ბავშვი ეცნობა გარე სამყაროს და იღებს ინფორმაციას მის გარშემო არსებული მოვლენების შესახებ.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებში სხვადასხვა ფაქტორის გამო ინფორმაციის დამუშავების პროცესი გართულებულია. საქართველოში დღესდღეობით არ არსებობს განმავითარებელი სათამაშოები იმ ბავშვებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ აუტიზმი, ცერებრული დამბლა, სენსორული შეზღუდული შესაძლებლობა.
ამის გამო როგორც ბავშვები, ასევე მათი მშობლები ბევრ პრობლემას აწყდებიან.
"სიცოცხლის ხის" მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველო" -ს მიერ დამზადდება 250 სენსორული სათამაშო, მომზადდება 10 მოხალისე სათამაშოების დამზადებაში, ასევე შეიქმნება სახელმძღვანელო და ვიდეობლოგი, რომლის დახმარებითაც შშმ ბავშვების მშობლები და სხვა მსურველები ისწავლიან სენსორული სათამაშოების დამზადებას.
უნდა აღინიშნოს, რომ "სიცოცხლის ხის" კოორდინაციითა და ჯგუფ "სოცკოდექსის" ინიციატივის შედეგად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე თბილისის გამზირებსა და ქუჩებში ჯამში 650 პანდუსი დამონტაჟდება!
ჭავჭავაძის, მელიქიშვილის, პეკინისა და ყაზბეგის გამზირების, ასევე კოსტავას, შარტავას, ჯიქიას, ქავთარაძისა და ჩოლოყაშვილის, ქუჩების ტროტუარები სრულად ადაპტირდება შშმ პირებისათვის.
გავხადოთ თბილისი უფრო მეგობრული ქალაქი ეტლით მოსარგებლე ადამიანებისათვის!