საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "ივერიონის" განცხადება

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "ივერიონის" განცხადება

ვინც არ არის კახაბერი, ჩვენ ვერ ვიტყვით კახაბერად!

 

"ივერონის" შემოქმედებითმა ჯგუფმა, მიუხედავად მრავალი სირთულისა, ნამდვილად დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი შექმნას პროფესიონალური და ობიექტური მედია-საშუალება.

 

აქსიომაა, რომ ნებისმიერი მედია, თუ იგი ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტთან ასოცირდება, საქართველოში ფინანსურ მხარდაჭერას ვერ ჰპოვებს. საუბარია იმ სახის მხარდაჭერაზე, რომელიც, როგორც წესი, რეკლამებითა თუ თანამშრომლობის სხვა ფორმით გამოიხატება.


ასეა ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაშიც _ "ივერონი", რომელიც "განახლებული საქართველოსთვის" მრჩეველთან საერთაშორისო საკითხებში მინდია გულუასთან ასოცირდებოდა, ამ თვალსაზრისით "შერისხულთა" რიგებში აღმოჩნდა, რაც გვაიძულებდა მუდმივად ვყოფილიყავით სხვისი ხელის შემყურე, რაც მორალური თვალსაზრისით საკმაოდ დამთრგუნველია.


მიუხედავად ყველაფრისა, "ივერონმა" შეძლო ჩამოყალიბებულიყო პროფესიონალურ და ობიექტურ მედია-საშუალებად, რომელმაც საკუთარი ნიშა დაიკავა ქართულ მედია-ბაზარზე. ეს გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რომ სარედაქციო საქმიანობაში სააგენტოს მესვეური არ ერეოდა. აქედან გამომდინარე, საშუალება გვქონდა მკითხველისთვის მიგვეწოდებინა დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაცია, რაც ჩვენს რეალობაში ნამდვილი ფუფუნებაა.


ასე და ამგვარად, "ივერონი" ჩამოყალიბდა როგორც კონკურენტუნარიანი ქართული ბრენდი, რომელსაც მკითხველი ანგარიშს უწევდა და ენდობოდა კიდეც.


ვაცნობიერებთ რა მოსალოდნელი რევანშის საფრთხეს, "ივერონის" შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი არ აპირებს გადაუხვიოს აღებულ კურსს და ჩაერთოს პოლიტიკურ ავანტიურაში, ვისგანაც, ან საიდანაც უნდა მომდინარეობდეს იგი.


სწორედ არსებულმა სიტუაციამ გვიკარნახა გვეფიქრა ალტერნატივაზე (ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს მის პატრონს "ივერონი"). ასე და ამგვარად ჩამოყალიბდა "ივერონის" ტყუპისცალი _ საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო "ივერიონი", რომელიც ღრმად გვწამს, ღირსეულად გააგრძელებს თავისი წინამორბედის მიერ დაწყებულ საქმეს!

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ეს პროცესი ახალ რეალობაში იწყება. გამარჯვებული კოალიციის ლიდერი ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ის თავისუფალი სასამართლო სისტემისა და თავისუფალი მედიასაშუალებების არსებობას შეუწყობს ხელს, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების აუცილებელი ატრიბუტებია.

შთამბეჭდავი იყო მისი განცხადებები ბიზნესმენებთან შეხვედრისას, სადაც ღიად დაფიქსირდა, რომ საქართველოში ბიზნესი სახელმწიფო წნეხისგან განთავისუფლდება და ქვეყანაში სათანადო ბიზნეს-გარემო შეიქმნება.


თუ ეს დაპირება პრაქტიკულად შესრულდა, ქართულ მედიას ბიზნესის სახით სერიოზული პარტნიორი გამოუჩნდება.


P.S. "ივერონის" შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი ახლა უკვე "ივერიონის" სახელით მივმართავთ ობიექტური და დაბალანსებული მედიის არსებობით დაინტერესებულ პირებს და ბიზნეს-სტრუქტურებს, მხარი დაგვიჭირონ ახალი მედია-საშუალების ფორმირებაში და ერთად შევუწყოთ ხელი ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის დამკვიდრებას.

 

"ივერიონის" შემოქმედებითი ჯგუფის სახელით:
ზაურ ნაჭყებია, მთავარი რედაქტორი
თეა ბარამაშვილი, რედაქტორი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: