რას იზამს კუბლაშვილის სასამართლო და ჩამოიყვანენ თუ არა ხელბორკილდადებულ სააკაშვილს საქართველოში?!
„რაში მჭირდება პოლიტიკური თავშესაფარი. ხომ ხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში დიდი სიამოვნებით მიღებენ“ - ეს სიტყვები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის.
მართალია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე მას ბრალი უკვე წაუყენა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მასზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდება, ან მისი საქართველოში ექსტრადირება ადვილად მოხერხდება. ძნელი სათქმელია, დაეთანხმება თუ არა პროკურატურის გადაწყვეტილებას აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე კუბლაშვილის სასამართლო და აინთება თუ არა მწვანე შუქი სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნის დასაწყებად.
სხვა თუ არაფერი, დემოკრატიის შუქურად მონათლული სააკაშვილის დაპატიმრება სწორედ დასავლური დემოკრატიის აშკარა კრახი იქნება, რასაც მისი პატრონები ნამდვილად არ მიესალმებიან. აქედან გამომდინარე, გადაჭარბებულად მეჩვენება ქართულ მედიაში გავრცელებული ვერსია, რომ დასავლეთი თანახმაა სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემაზე და გარანტიები რომ არ ყოფილიყო, საქართველოს პროკურატურა ამ პროცედურას არ დაიწყებდა!
მართალია, პოლიტიკაში არსებობს მუდმივი ინტერესი და არა მუდმივი მეგობრები, მაგრამ, მაინც საეჭვოა, სააკაშვილი დასავლეთმა (კონკრეტულად კი ამერიკამ) გაწიროს. თუ ეს მოხდა, ეჭვგარეშეა, საქართველოს ხელისუფლებას სანაცვლოდ ძალიან დიდი ხარკის გადახდა მოუწევს.
ბევრს მიაჩნია, რომ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული „ნაციონალური“ რეჟიმის სხვა მაღალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემით საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი დაიწყება, მაგრამ, სინამდვილეში ეს ასე არ არის.
ჯერ ერთი, საეჭვოა ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს და „ყოვლისშემძლე იმპერატორი“ განსასჯელის სკამზე ვიხილოთ. თუმცა, ესეც რომ მოხდეს, ეს საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრების უტყუარი ნიშანი არ იქნება - სამართლიანობის დამკვიდრება (აღდგენა ცუდი ნათქვამია, რადგან, სამართლიანობა ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის რეჟიმამდეც არ ყოფილა) გაცილებით მეტია, ვიდრე დამნაშავე ხელისუფლების პირველი პირების პასუხისგებაში მიცემა.
ისმება კითხვა: შეიძლება თუ არა ვიფიქროთ, რომ სააკაშვილის და სხვა მაალჩინოსნების პასუხისგებაში მიცემით დაიწყო „ნაციონალური“ რეჟიმის, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური სისტემის გასამართლების (განადგურების) პროცესი, რომელსაც შეუქცევადი ხასიათი მიეცემა?!
რასთან გვაქვს საქმე: ხელისუფლება „ერთადერთ“ ოპოზიციას თავიდან იცილებს და ამით კონკურენტის გარეშე აპირებს მისვლას მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებამდე, თუ აღნიშნული გადაწყვეტილებით საზოგადოების მხრიდან უკვე დაკარგული ნდობის (რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ფაქტიურმა ბოიკოტმა დაადასტურა) აღდგენას აპირებს?!
თუ სააკაშვილის დაპატიმრება თავიდანვე იდგა დღის წესრიგში, რატომ გაუშვეს იგი საქართველოდან?
კითხვა ლოგიკურია, თუმცა პასუხი ჯერჯერობით არ ჩანს.
ეტყობა, ამ ნაბიჯით დღევანდელი ხელისუფლება ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერას აპირებს - ქვეყანაში შექმნის სამართლიანობის აღდგენის ილუზიას და მომავალ საარჩევნო მარათონს „ნაციონალური“ რეჟიმის გავლენიან ფიგურებს (სააკაშვილი, უგულავა) ჩამოაშორებს. უკვე საუბრობენ იმაზეც, რომ „ნაციონალების“ რუხი კარდინალი გიგა ბოკერია პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს.
ასეა თუ ისე, ხელისუფლებამ გაბედა (თუ ესეც პოლიტიკური თამაში არ არის) და სააკაშვილს ბრალი წაუყენა, რამაც საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში დადებითი ემოციები აღძრა, როგორც ჩანს, - ხალხში იმდენად დიდია შურისძიების გრძნობა „ნაციონალური“ რეჟიმის მიმართ, არ არის გამორიცხული, ამ პროცესებმა არსებითი ხასიათის პრობლემები გადაფაროს და მმართველ კოალიციას „ამოსუნთქვის“ საშუალება მისცეს.
ყოველ შემთხვევაში, სასწაული რომ მოხდეს და სააკაშვილის ექსტრადირების პროცედურამდე მივედით (თუმცა, ძალიან ვეჭვობ, იგი ცოცხალი თავით ჩაბარდეს მართლმსაჯულებას), პროცესი იმდენად გაიწელება, ახალი არჩევნებიც მოახლოვდება და მმართველ კოალიციას (დღევანდელ ხელისუფლებას) ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ოპონენტიც არ ეყოლება(არასაპარლამენტო ოპოზიცია ფაქტიურად სულს ღაფავს, ახალი პოლიტიკური ძალა კი არადა, არ ჩანს!)
თუ სამართლიანობის აღდგენა (დამკვიდრებას ვინ ჩივის) სააკაშვილისთვის ბრალის წაყენებით იწყება, ეს უკვე სახეზეა, მაგრამ ამას თანმდევი პროცესი მაინც უნდა მოჰყვეს (უპირველესად, არსებული სისტემის დემონტაჟს ვგულისხმობ). სხვანაირად, კარგად დადგმულ შოუსთან გვექნება საქმე, რომელიც საზოგადოებას ნამდვილად ვერ დააპურებს!
ზაურ ნაჭყებია