ნოდარ ხადური:-""საქართველოს ბიუჯეტი მიიღებს დაახლოებით 15-20 მილიონ ლარს"
როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ხადურმა განაცხადა, საქართველოში რუსეთიდან შემოსული საქონელი საბაჟო გადასახადით დაიბეგრება და საქართველოს ბიუჯეტი დამატებით დაახლოებით 15-20 მილიონ ლარს მიიღებს.
"თავისთავად ცხადია ფაქტი, რომ რუსეთმა გადაწყვიტა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გასვლა, კარგი არ არის. თუმცა, ამავე დროს უნდა ვთქვა, რომ ეს არ არის ტრაგედია. ჩვენ რუსეთთან გადავდივართ იმავე სავაჭრო რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღეს ვვაჭრობთ ევროკავშირთან, ჩინეთთან და ბევრ სხვა სახელმწიფოსთან. ამავე დროს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გათვლებით რუსეთში საბაჟო გადასახადით ჩვენი პროდუქციის დაბეგვრამ არ უნდა გამოიწვიოს ამ პროდუქციის მნიშვნელოვანი გაძვირება და ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება. წლევანდელი მონაცემებით, ექსპორტის 80% არის სოფლის მეურნეობის პროდუქცია, ღვინო და გამაგრილებელი სასმელები, 11% მადანი და ელექტროენერგია. ვფიქრობთ, რომ ზარალი არ იქნება და ამას დაემატება ის, რომ რუსეთიდან შემოსული საქონელი დაიბეგრება საბაჟო გადასახადით. საბოლოო ჯამში დამატებით, საქართველოს ბიუჯეტი მიიღებს დაახლოებით 15-20 მილიონ ლარს"-განაცხადა ხადურმა.