გასული არჩევანი, დარჩენილი არადანი და სახელდახელოდ მოდუღებული საოცნებო ყავა

გასული არჩევანი, დარჩენილი არადანი და  სახელდახელოდ მოდუღებული  საოცნებო ყავა

არ ცდებით, არც გეჩვენებათ და არც მხედველობა გღალატობთ  –  არაფერი გეჩვენებათ... თუმცა, რა უნდა მოგეჩვენოთ,  გუშინდელი ოცნებაც კი  უკვე დღევანდელი რეალობაა. უბრალოდ   დავბრუნდით...  ჩვეულებამ გაჭრა – არ გვიყვარს ყავის ფინჯნით განმარტოება. მარტო კაცი ჭამაშიაც ბრალიაო, სმაშიაცო და ოცნებაშიაცო! ასეთი იყო ამ ანდაზის თავდაპირველი  სრული ვერსია. უბრალოდ, ზარმაცმა ქართველებმა, დროის მოგების მიზნით, დიდი ხნის წინ შევკვეცეთ  და, მთელი მისი სიბრძნე – ფილოსოფია,  ერთ სიტყვა  "ჭამაში"  ჩავატიეთ... თავის დროზე და მერე კიდევ, კარგა ხანს,  მხოლოდ "ვჭამდით".  რახან ამას მივხვდით, იმედია, ნელ–ნელა, ჯანმრთელობისთვის და არსებობისთვის სასარგებლო სხვა რეფლექსებსაც გავიაქტიურებთ...


ჰოდა, წინა კოლექტიურ ჭამიდან – ჭამამდე, სმიდან – სმამდე და ფიქრიდან – ფიქრამდე, არც მეტი, არც ნაკლები – 2 თვე გავიდა. ეს ზუსტად იმდენია,  მოლოდინისა და არჩევანის რეჟიმიდან  შედეგით ტკბობისა და ჩასაფრების რეჟიმზე გადასასვლელად რომაა საჭირო.


2 თვის წინ ყოფნა–არყოფნაზე, გასვლა–არგასვლაზე, სარგებელ – ოცნებასა და მიშა–ბიძინაზე ვბჭობდით. ახლა მიშა ისევ პრეზიდენტია, ბიძინა უკვე  პრემიერ–მინისტრი... 
ერთნი თავის კანტურით  დაგვიდასტურებენ  – ვინ იფიქრებდაო!? მეორენი კვერს დაგვიკრავენ – აბა რა ეგონათო?!  მესამენი წამოგვაძახებენ – ჯერ სადა ხართო!?


არა და აქა ვართ!


ბოლოს ერთად ყავა აგვისტოში მივირთვით, გაგანია საარჩევნო ციებ–ცხელებისას, მაშინ, როცა დღეს თავზენაცარწაყრილ "მმართველ პარტიას" თავის უძლეველობაში კი ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ არც  ამომრჩევლის პრინციპულობასა და საღ აზროვნებაზე ჰქონდა მთლად სრულყოფილი წარმოდგენა...  თუმცა, რას ვქარაგმობთ?! პირდაპირ ვთქვათ!  ყოფილი ხელისუფლება, ვერ იყო დარწმუნებული საზოგადოების შიშისა და ტვინისგამორეცხვის უმაღლეს ხარისხში. ერთი სიტყვით, "ნაცმო" მოტყუვდა... ორი სიტყვით – ვერ გათვალეს...  სამი სიტყვით – ხალხი აზრზე მოვიდა...


თუ გსურს, ვინმე გააბედნიერო, პირველ რიგში შენ უნდა იყო ბედნიერი!


აუხდენელი სურვილები, შესაბამის გარემოში, მექანიკურად გარდაიქმნება ოცნებად. ამ ფოტოსინთეზმა კინაღამ დაგვღუპა...


ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენი არ ვიცით... ის კი ნამდვილად ვიცით, რომ ბევრ რამეს გავიგებთ და, ეს ყველაფერი, არც ისე იოლად აღსაქმელ–გადასახარში იქნება.


ზოგიერთისთვის არც ცხოვრების აზრის ძიებას ჰქონია ოდესმე აზრი... თუმცა, მარტოხელა მონადირეებს და ალქიმიკოსებს რა გამოლევს?..


არაფერია სამყაროში ზედმეტი, არის მხოლოდ  დროებით უსარგებლო. საკუთარი თვალით ვნახეთ –  უბრალო და უწყინარ ოცნებასაც რამხელა ძალა ჰქონია?!


ზოგს შიშველი სიმრთლის ყურება სიამოვნებს, ზოგს გისოსებიდან მომზირალი სიმართლის...


მთავარია, სხვისი ქმედებებით ისე არ გავერთოთ, საკუთარი ვეღარ დავინახოთ.


ყოველი მომდევნო დღე, ჩვენი დარჩენილი ცხოვრების პირველი დღეა. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და კიდევ ის, რომ სახელმწიფოს ორი მთავარი მტერი ყავს –  მისი ჩინოვნიკები და მისი პოლიცია.


მეგობარი და პროგრესული დასავლეთი მოგვიწოდებს – ქალები ამრავლეთ პოლიტიკაშიო! ვეთანხმები.


ქართულ პოლიტიკაში ნამდვილად ცოტა ქალია, მაგრამ კაცი კიდევ უფრო ნაკლები... პ.ს.


დღეს ოქტომბრის ბოლო ორშაბათია. გადავწყვიტეთ, ორშაბათიდან ახლებურად ცხოვრება დაგვეწყო და, ისე გამოვიდა, რომ ყველაფერი თავიდან დავიწყეთ.
რა გვენაღვლება?! ყავის სმის მიზეზი არასოდეს გამოილევა ამ ქვეყანაში  და არც თავისუფალი დროა ჯერ–ჯერობით დეფიციტი.


რახან დრო ვახსენე, იმასაც ვიტყვი, რომ, ამ უძვირფასესმა მატერიამ, ადამიანის შეფასების საკუთარი  კრიტერიუმი ჩამომიყალიბა –  ძალიან მარტივია ვინმე შეაფასო  არა იმით,  რამდენსაც მიაღწია, არამედ იმით, რამდენზე და რაზე თქვა უარი... 


მიღწევით "ხუთოსნებმაც" ბევრს მიაღწიეს, სამაგიეროდ, დათმობა გაუჭირდათ...


ზოგიერთი იმასაც ალალად იტყვის – ოცდაათი ვერცხლი ღვთიური ფასიაო!


ადამიანების დაბადება და გარდაცვალება  გაელვებაა... გზაშია მთელი მუღამი...


ჰო, კიდევ ერთი – მოსამართლეს კითხვაზე – რა ღირს სამართლიანი სასამართლო?  ნორმალურ ქვეყანაში ერთმნიშვნელოვანი  პასუხი უნდა ჰქონდეს – მხოლოდ პიროვნული ღირსება!


როცა ამას მივაღწევთ, ერთი მუჭა დემოკრატიის ფასიც თავისთავად გაირკვევა და მუჭანახევარა მედროვეებისაც.


ნუ ენდობით ბრმად რეკლამებს! არანაირი კბილის პასტა ისე არ აცოცხლებს და ასუფთავებს ჩვენს სუნთქვას, როგორც თავისუფლება...


ყავამშვიდობისა, ადამიანებო!


კატო ჩულაშვილი




საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: