ნუ ვარცხვენთ გულშემატკივრობის ქართულ ტრადიციებს
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ბაქოში მომხდარ ფაქტს ეხმაურება.
„საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინსტრო ეხმაურება და გმობს ბოლო დროს საქართველოს სპორტული კლუბების მონაწილეობით საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე გამართულ სპორტულ შეჯიბრებებზე, განსაკუთრებით საფეხბურთო სტადიონებსა და სპორტულ დარბაზებში გახშირებულ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევებსა და სხვა ინციდენტებს.
ხსენებულ სპორტულ ღონისძიებებზე დაფიქსირებული საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, საზოგადოების მიმართ გამოხატული უპატივცემულობა, წვრილმანი ხულიგნობა არის ადამიანთა ვიწრო ჯგუფების მიერ ჩადენილი დანაშაული, რომელიც სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული, ხოლო თითოეული დამნაშავე პირის მიმართ უნდა გატარდეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები. აღნიშნული ფაქტები ეწინააღმდეგება საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ სპორტულ პრინციპებს, სპორტულ ეთიკასა და ევროპის გულშმატკივართა ქარტიას.
საქართველოში გულშემატკივრობის დიდი ტრადიციებია, რომელთაც აგრესიასა და ძალადობასთან საერთო არაფერი აქვს. ხსენებული ინციდენტები საფრთხეს უქმნის არამარტო გულშემატკივრობის ჩვენ ტრადიციებს, არამედ სპორტულ ღონისძიებებზე დამსწრეთა უსაფრთოხებასა და ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო მიმართავს საქართველოს სპორტულ ფედერაციებსა და კლუბებს, რომელთაც ამ დროისთვის მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ სპორტულ შეჯიბრებებზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, გაატარონ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები ხსენებული ინციდენტების თავიდან არიდების მიზნით. ასევე, მნიშვნელოვანია ფედერაციებმა და კლუბებმა გულშემატკივრებთან და სპორტსმენებთან უზრუნველყონ შესაბამისი საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვა.
თავის მხრივ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, უწყების კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად არის ჩართული სპორტულ შეჯიბრებებზე, განსაკუთრებით, ფეხბურთის მატჩებზე მაყურებელთა მხრიდან გამოვლენილი ძალადობისა და არასათანადო ქცევის ევროპის კონვენციის მიერ განსაზღვრული ამოცანებისა და ვალდებულებების შესრულებაში. ასევე, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ევროპის საბჭოს და უეფა-ს შესაბამის უწყებებთან, რათა ხელი შევუწყოთ სპორტულ შეჯიბრებებზე გამოვლენილ პრობლემებზე მყისიერ რეაგირებას. ამასთან ერთად, ხსენებულ უწყებებთან სამინისტროს თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოში ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებზე გულშემატკივართა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.“ ნათქვამია განცხადებაში.