დავით ბაქრაძე:-"ჩვენი ბრძოლა ჩვენი მომავლისთვის გრძელდება და გაგრძელდება"
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
"ღამის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება შეეფარდებინა მიხეილ სააკაშილისთვის წინასწარი პატიმრობა, ამით ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც ამ ქვეყანაში გაერთიანების მაგივრად მოიტანს მეტ დაპირისპირებას, ეს ხდება მაშინ, როცა უკრაინის მოვლენების და ბოინგის ჩამოგდების გამო ჩნდება ახალი რეალობა, როცა ერთ მხარეს დგას დასავლეთი და მეორე მხარეს დგას რუსეთი, ამ ფონზე ჩვენი ხელისუფლება დგამს ნაბიჯს, რომელზეც აფრთხილებდა დასავლეთი, ამით ჩვენ გადავალთ წყალგამყოფის მეორე მხარეს. ეს არის ის, რაც უარყოფითად აისახება ჩვენი ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივაზე. სამწუხაროდ, ეს არის ნაბიჯი, რომლის უარყოფით შედეგებსაც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იგრძნობს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე. ჩვენი ბრძოლა ჩვენი მომავლისთვის გრძელდება და გაგრძელდება"-განაცხადა ბაქრაძემ.