შსს-ს თანამშრომლებმა თუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულებს დახმარება აღმოუჩინეს
შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თუშეთში, ახმეტის რაიონში, ერთობლივად ჩატარებული სამაშველო ღონისძიებების შედეგად, ავტოსაგზაო შემთხვევისას ხევში გადავარდნილი ავტომანქანის მგზავრებს დახმარება აღმოუჩინეს და დაშავებულები თბილისში სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით გადაიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შევიდა შეტყობინება, რომ ახმეტის რაიონში, ომალო-დართლოს დამაკავშირებელ გზაზე, "ტოიოტა"-ს მარკის ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხევში გადავარდა, რის გამოც რამდენიმე ადამიანი დაშავდა, რომლებსაც სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ დახმარება.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა უგზოობის გამო რაიონიდან შემთხვევის ადგილზე ვერ გამოცხადდა, რის გამოც, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე სოფელ ბოჭორნას უბნის ექიმი მიიყვანეს. ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი მგზავრი, ხოლო დანარჩენმა სამმა სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ისინი ხევიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ და სამართალდამცველებმა ერთობლივი ძალებით ამოიყვანეს. ექიმმა დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწია, რის შემდეგაც, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დაშავებულები ვერტმფრენით თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).