რეკორდსმენს გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცა
კაპრალმა თემურ დადიანმა, რომელმაც ავღანეთში ნაღმზე აფეთქების დროს ორივე ქვედა კიდური დაკარგა, მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სარეკორდო ასპარეზობა აფეთქებიდან ზუსტად სამი წლის შემდეგ, 3 აგვისტოს გაიმართა.
თემურ დადიანმა 38.25 წამში 37 აზიდვა შეასრულა, რითაც სამჯერ გადააჭარბა დაწესებულ მინიმუმს.
რეკორდსმენს გამარჯვება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიულოცა.
-"ბატონო თემურ, გულითადად გილოცავთ უპრეცედენტო მსოფლიო რეკორდის დამყარებას.
თქვენს ამ მიღწევას დიდი საზოგადოებრივი და ეთიკური მნიშვნელობა აქვს. თქვენ არა მხოლოდ ერთგულად ემსახურებით საქართველოს მოქალაქეთა მშვიდობასა და უსაფრთხოებას, არამედ წარმოუდგენელი ძალისხმევით, შეუძლებლის შეძლებისაკენ სწრაფვით ამტკიცებთ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს, რომ მონდომებას, თავდადებასა და დაუღალავ შრომას სასწაულის მოხდენა შეუძლია. თქვენი მაგალითი შთააგონებს და რწმენით აღავსებს თქვენს თანამებრძოლებს, ახალგაზრდებს, თითოეულ ჩვენგანს.
კვლავ მრავალ წარმატებას, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ"-ნათქვამია მილოცვაში.