შსს-მ სომხეთის ორი მოქალაქე დააკავა
შსს-ს სპეციალური ოპერაციების და კონტრდაზვერვის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტ "სადახლო"-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, საბაჟო საზღვარზე, რადიოაქტიური ნივთიერების წესის დარღვევით გადმოტანის და რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის ბრალდებით სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1965 წელს დაბადებული სამველ ვ. და 1966 წელს დაბადებული ჰარუთუნ ჰ. დააკავეს. სამართალდამცველებმა რადიოაქტიური ნივთიერება "ცეზიუმ 137"-ის შემცველი, ქარხნული წესით დამზადებული კონტეინერი ამოიღეს.
გამოძიება საბაჟო საზღვარზე რადიოაქტიური ნივთიერების წესის დარღვევით გადმოტანის და რადიოაქტიური ნივთიერებისადმი უკანონო მოპყრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით და 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).