მაია ფანჯიკიძე:-"საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და სტრატეგიული მიზნები უცლელი რჩება"

მაია ფანჯიკიძე:-"საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და სტრატეგიული მიზნები უცლელი რჩება"

   -"საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და სტრატეგიული მიზნები უცლელი რჩება"-ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ "ამბასადორიალი 2014"-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

   -"შედეგად, ევროინტეგრაცია გახდა ჩვენი ქვეყნის არა მხოლოდ საგარეო, არამედ საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტიც. მივიღეთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგი, რომელიც წარმოადგენს ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების ნუსხას 2014-2016 წლებისთვის და მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის, იმპლემენტაციის ხელშეწყობას. შევასრულეთ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი, საკანონმდებლო ფაზით გათვალისწინებული მოთხოვნები და დავიწყეთ მეორე, საიმპლემენტაციო ფაზის ღონისძიებები. განსაკუთრებით მინდა, აღვნიშნო უპრეცედენტო შეხვედრა ევროკომისართა კოლეგიასა და საქართველოს მთავრობას შორის. ასევე, ევროპარლამენტის მიერ მიღებული საქართველოს მხარდამჭერი 8 რეზოლუცია. ევროპული ღირებულებებისადმი ჩვენს ერთგულებას ადასტურებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში მივუერთდით ევროკავშირის 215 განცხადებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. წლის განმავლობაში დინამიურად ვითარდებოდა ურთიერთობები ნატო-სთან, მათ შორის, სამხედრო და თავდაცვით სფეროებში. უელსის სამიტისათვის საქართველოს საკითხის სათანადოდ მოსამზადებლად შევქმენით უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელიც აქტიურ კონსულტაციებს მართავდა ნატო-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. იმედი გვაქვს, რომ უელსის სამიტზე ადეკვატურად შეფასდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს

  ძალისხმევა და მიღწეული პროგრესი. საანგარიშო პერიოდში ინტენსიურად ვითარდებოდა ურთიერთობები ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან. მისასალმებელია ბოლო პერიოდში კონგრესის მიერ ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ორი რეზოლუცია, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოსადმი. 

   რუსეთის ფედერაციასთან  ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციისთვის საქართველომ გადადგა კონკრეტული ნაბიჯები. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები რჩება რუსეთთან ურთიერთობების უმთავრეს ფორმატად. ამასთან, გრძელდება არაფორმალური პირდაპირი დიალოგი საქართველოსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენლებს შორის. საქართველოს პრაგმატული მიდგომის შედეგად, შესაძლებელი გახდა გარკვეული პოზიტიური დინამიკის მიღწევა რუსეთთან ეკონომიკისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში. თუმცა რუსეთი კვლავ აგრძელებს უკანონო ქმედებებს, განაგრძობს მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების განთავსებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზეც კი. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ვერ ჩაითვლება ადეკვატურ პასუხად იმ პოზიტიურ ნაბიჯებზე, რომლებიც საქართველომ გადადგა ბოლო პერიოდში. რაც შეეხება რუსეთის ბოლო გადაწყვეტილებას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შეჩერებაზე, ეს არ ნიშნავს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის აკრძალვას. შედეგად შეიცვლება მხოლოდ საბაჟო ტარიფები, რაც გავლენას იქონიებს სავაჭრო მაჩვენებლებზე." – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: