"სამაჩაბლოდან გოდება ისმის"
აგვისტოს ომში და ავღანეთის მისიებში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნის კვირეული დაიწყო. გაზეთ "პრაიმტაიმის" ინიციატივით, კვირეული წელს მეხუთედ გაიმართება.
კვირეულის ფარგლებში "პრაიმთაიმმა" და ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდმა "ოქროს ფრთამ" აგვისტოს ომსა და ავღანეთის მისიაში დაღუპული ქართველი გმირების გმირების ცხოვრების ამსახველი ფოტოისტორიების გამოფენა მოაწყო. გამოფენას საზოგადოებისთვსი ცნობილი სახეები და გმირების ოჯახის წევრები დაესწრნენ. ღონისძიებას სპონსორობას კომპანია "ბორჯომი" და ტელეკომპანია "TVS“ უწევდა.
ხსოვნის კვირეულის გახსნაზე, ემოციური სიტყვა თქვა ნინო კაპანაძემ, რომელიც 8 აგვიტოს დაღუპული ჯარისკაცის, ბესიკ კაპანაძის დედაა.
ნინო კაპანაძე: "სიცოცხლის ბოლომდე გაუნელებელი ცეცხლი მიკიდია. ვწუხვარ, როგორც ჩემი, ისე სხვისი შვილების გამო. მადლობა თქვენ რედაქციას ამ დაუვიწყარი წუთებისა და გულისხმიერებისათვის, რომელსაც ჩვენი შვილებისთვის იმეტებთ. შვილებისთვის, რომელთაც ძალიან ბევრი აუხდენელი ოცნება დარჩათ შეუსრულებელი. დააკლდნენ ყველას და მარადისობაში გადავიდნენ. მესიზმრება - წუხს, დედა, ნუ ტირიო. დღემდე მოდიან მეგობრები, პანკისის ხეობიდანაც კი. გორის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. ორჯერ ერაყიც მოიარა და 27 წლის ასაკში ყველაფერი მოასწრო. წლინახევრის ვაჟიც დაგვიტოვა, იმედი და სიცოცხლე. ექვსი წელი ხდება რაც აღარ არის, მაგრამ ასე მგონია 6 წუთიც არ მომშორებია გვერდიდან ჩემი შვილი. ეზოში შემოსულს ვხედავ, გვეფერება ჩვეული სითბოთი და სიყვარულით. უფროსი ვაჟი ზვიადი შემთხვევით გადაურჩა სიკვდილს. დამტვრეული წაიყვანეს თბილისის საავადმყოფოში. სანამ ცოცხალი ვარ, ვხედავ, ჩემი შვილის სახელი ცოცხლობს. ლაშა ბუღაძეს ვუსმენდი ტელევიზიით, რომელიც ყვებოდა, რომ თურმე სამაჩაბლოს ტერიტორიაზე, იქ, სადაც ომი იყო, ღამღამობით საშინელი ხმები ისმის, ურჩხულების შემზარავი ღრიალი და თითქოს მიცვალებულთა აჩრდილები დადიან. ეს რომ გავიგე ჩემგან ეს სიტყვები წამოვიდა და შვილმკვდარმა დედამ ლექსი დავწერე.
სამაჩაბლოდან გოდება ისმის,
ჭირისუფალი მოსთქვამს აჩრდილი,
აქ მიწა ისევ კვნესის და ოხრავს
მუხანათურად გულში დაჭირილი.
მშობლიურ მიწას მტკიცედ იცავდნენ,
ბესიკ, ვახტანგი, ლაშა, თემური,
კახა, მამუკა, ცოტნე, ლევანი,
მარად ჭაბუკნი და ქედუხრელნი.
და როცა მტერი წინ მოიწევდა,
მცვლად დაუდგნენ მიწას მფარველად,
ცოცხალი თავით მტერს არ დანებდნენ,
იქვე დაეცნენ ველზე გმირულად.
და ყოველი წლის ისევ ამავ დროს,
აქ მიწა ისევ შეტორტმანდება,
აგუგუნდება სამაჩაბლოს ტყეც,
აქ მუდამ მალე ჩამოღამდება.