ირაკლი ღლონტი:-"კაზანტიპმა კი არა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა გაგვინადგურა ერი, თორემ კაზანტიპი მცირე მასშტაბით ყოველდღე გვაქვს დედაქალაქშიც"

ირაკლი ღლონტი:-"კაზანტიპმა კი არა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა გაგვინადგურა ერი, თორემ კაზანტიპი მცირე მასშტაბით ყოველდღე გვაქვს დედაქალაქშიც"

   "ილია ჭავჭავაძე და მისი ანდერძი მადარდებს..."

   პარტია "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი გუშინ ანაკლიაში ჩატარებულ კაზანტიპის მხარდასაჭერ აქციას ეხმიანება და ამბობს:

   -"ქსელში ვნახე ვიდეო ჩანაწერები სადაც ანაკლიელები ჯერ ეწინააღმდეგებოდნენ ,,კაზანტიპს'', ბოლოს იცავდნენ მისი ჩატარების იდეას. ეს ამ ცხოვრებაში ხდება, ადამიანები ვიცვლით წარმოდგენას ან ვაცნობიერებთ სიმართლეს და ამიტომ, ან გვაწყობს და ეს ხდება დამოკიდებულების შეცვლის მიზეზი. რა მნიშვნელობა აქვს საფუძვლებს, ფაქტია, რომ ჩვენი თანამემამულე ანაკლიელები, ძირძველი ლაზური წარმომავლობის მეგრელები სიდუხჭირის გამო მზად არიან საკუთარი მამა-პაპისეული სახლ-კარი დაუთმონ იმ ,,სტუმრებს'', რომლებსაც სხვა შემთხვევაში ეზოშიც არც შეიპატიჟებდნენ. ეს მხოლოდ სიღატაკემ განაპირობა, ეს მოქმედი, აქამდე მოქმედი და კიდევ მანამდე მყოფი ხელისუფლების ბრალია, გაჭირვება მანახე და გაქცევას განახებო, ჩემი აზრით ასე გაექცა უამრავი ანაკლიელი საკუთარ მეს. არაუშავს, ამასაც გადავიტანთ, ამასაც დავძლევთ, ჭირი და ვარამი ჩვენი ერის ჯვარია და ვზიდავთ იქამდე, ვიდრე სული გვიდგას პირში, მაგრამ მე სულ სხვა რამეზე გთხოვეთ ამ წერილის წაკითხვა, რომელსაც ახლა ამ დალოცვილ მიწაზე, სამეგრელოში, ზუგდიდში ვწერ და გულზე ბრაზი მედება, ასეა, მტკივა და მეწვის გაუბედურებული მეგრელის, გურულის, იმერელის ნახვა... კაზანტიპმა კი არა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა გაგვინადგურა ერი, თორემ კაზანტიპი მცირე მასშტაბით ყოველდღე გვაქვს დედაქალაქშიც. 

 

   მე, რომ ჩემი აზრი ,,კაზანტიპზე'' დავაფიქსირე, ზოგმა ,,გოიმად'' მომნათლა, ზოგმა ალბათ პოპულარული სიტყვით ,,ბნელად'' მომიხსენია, ზოგმა გაიცინა და ჩათვალა პოლიტიკურ სარგებელს ვეძებ ამით, მაგრამ მე სულ სხვა მაწუხებს, ილია ჭავჭავაძე და მისი ანდერძი მადარდებს, თუნდაც ის, რომ ,,საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება'', ეს ანდერძი რომ გამოვაქვეყნე ალბათ ილიაც გამილანძღეს და ისიც გოიმად ჩათვალეს, მაგრამ კაცი, რომელმაც იმ დროს სხვის უფლებებზე და პატივისცემაზე არაერთი წერილი დაგვიტოვა როგორ უნდა მოიხსენიო გოიმად (,,სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი'') . და თუ ილიას ვცემთ პატივს და არ გვინდა ბერბიჭაშვილობა, როგორ არ უნდა გავატაროთ ყოველდღიურობაში მისივე შეგონება:  

   სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსვემთ შთამომავლობას? '' ... კარგი, მე ვარ გოიმი და ბნელი, მაგრამ თქვენ ჩემზე განათლებულებო და განათებულებო, დამისახელეთ ილიაზე დიდი ევროპელი, რომელიც პატივს არ სცემს თავის ისტორიას და ეროვნულ ღირებულებებს. 

 

   არ ვიცი ამ ცხელ გულზე კიდევ რამდენს დავწერ, მაგრამ მედარდება ის, რომ 10 დღიანი პროექტის იმედად გვყავს თანამემამულეები ამა თუ იმ ტერიტორიულ დასახლებებში. 

 

   პირადად მე სხვანაირად ვხედავ ანაკლიას, ამასაც გაგანდობთ: ანაკლია უძველესი დაბაა...ანტიკური ხანიდან მოყოლებული ძველი ბერძნები აქტიურად იყენებდნენ ამ საზღვაო ნაპირს სავაჭროდ,მოგვიანებით მთავარ ბაზად...გეორგიევსკის ტრაქტატის შემდეგ,რუსებმა ყულევში,რომელიც იქვეა,შავ ზღვაზე ააგეს პირველი დასაყრდენი და უწოდეს რედუტ კალე, ანაკლია ყულევი გადაიქცა რუსთა მთავარ ბაზად შავ ზღვაზე...აფხაზეთთან სასაზღვრო სოფლად ის მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს იქცა...მანამდე სამეგრელო-აფხაზეთის საზღვარი გადიოდა კოდორზე,მერე ჩამოიჩოჩეს ენგურამდე,შუა რეგიონს სამურზაყანო ეწოდება...როგორც საპორტო მნიშვნელობა ამ რეგიონის უდავოდ დიდია...უზარმაზარი ტერიტორია ყულევის ჩათვლით ვარგისია სანაოსნოდ, უფრო მეტიც იდეალურია...თუ ეს გაკეთდება, ეს რეგიონი თავისთავად იქცევა უმნიშვნელოვანეს პუნქტად მთელ შავიზღვისპირეთში და არავითარი კაზანტიპი აღარ იქნება საჭირო...

 

   და ბოლოს, ყველაზე მეტად მე რაც მინდოდა შენთვის, ძვირფასო მკითხველო მეთქვა, თუ შენც ფიქრობ, რომ ჩემი ზემოაღნიშნული დამოკიდებულება მხოლოდ ჩემ პოლიტიკურ გეგმებს ემსახურება ტყუილად მიწერია ამდენი და თქვენც არ გქონიათ სიმართლის და ტყუილის გარჩევის უნარი, მიუხედავად არაპოპულარული განცხადებისა, მე მზად ვარ ყოველთვის ვიმოქმედო ისე, როგორც გული და გონება მკარნახობს, დავიცვა ჩემი და შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, ღირებულებები, პატივი ვცე ისტორიას, 1 წუთი არ ვიცხოვრო სარწმუნოების გარეშე და თუ ეს ყველაფერი დააზიანებს ჩემ პოლიტიკურ პერსპექტივებს, დაე წყალმა წაიღოს იგი, მე მირჩევნია საკუთარ თავთან დავრჩე მართალი და ვაკეთო საქმე, რომელსაც არ გავცვლი სხვა ,,სიკეთეებში'' და მტრების გასაგონად ვიტყვი- იქამდე გავაგრძელებ ბრძოლას და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ აქტივობებს, ვიდრე 1 მხარდამჭერი მაინც მეყოლება...

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: