საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აგვისტოს თვეში სოლიდარობის ფონდის პრეზენტაციას იწყებს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია აგვისტოს თვეში სახელმწიფო უწყებებში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი "სოლიდარობის ფონდის" პრეზენტაციას იწყებს. ღონისძიების მიზანია საჯარო უწყების თანამშრომლების ინფორმირება "სოლიდარობის ფონდის" იდეის შესახებ და მათი ჩართულობა აღნიშნულ ინოვაციურ პროექტში.
ფონდი მიზნად ისახავს საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით, ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების ამოქმედებით, საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ან კატასტროფული სოციალური დანახარჯების რისკის წინაშე მდგარი ბავშვებისა და ოჯახებისთვის ალტერნატიული (არასაბიუჯეტო) რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფასა და პრიორიტეტულ სოციალურ საჭიროებებზე მიმართვას. საწყის ეტაპზე ფონდი ორიენტირებული იქნება ონკოლოგიური პაციენტების, უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურებაზე. აქციაში ჩართვა სრულიად ნებაყოფლობითია.
"სოლიდარობის ფონდში" პირველი შენატანი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა განახორციელეს.
ფონდის პრეზენტაციას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში გამართავენ.
პრეზენტაციების დასრულების შემდეგ გაიმართება ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა, სადაც შეჯამდება ერთიანი კონცეფცია.