ირაკლი ღარიბაშვილი:-"5 წელიწადში ჩვენ გვეყოლება კონკურენტუნარიანი, კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური თაობა"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"5 წელიწადში ჩვენ გვეყოლება კონკურენტუნარიანი, კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური თაობა"

   5 წელიწადში ჩვენ გვეყოლება კონკურენტუნარიანი, კომპეტენტური და მაღალკვალიფიციური თაობა, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "დიასპორული სტაჟირების" პროგრამის მონაწილე სტუდენტებს. 

   მთავრობის მეთაურმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა საჯარო სექტორის განვითარების ახალი კონცეფციის შესახებ და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ საჯარო სექტორი კვალიფიციური კადრებისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს. 

"ჩვენ უნდა შევქმნათ ყველა პირობა, რომ განათლებულ, კვალიფიციურ თაობას დავახვედროთ შესაფერისი პირობები მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად. მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას და მათი რესურსის სამშობლოსთვის გამოყენებას ისახავს მიზნად ჩემი ინიციატივით დაარსებული განათლების საერთაშორისო ცენტრი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს აფინანსებს. ისინი იღებენ ვალდებულებას, რომ მიღებულ ცოდნას თავიანთ სამშობლოს მოახმარენ და სწავლის დასრულების შემდეგ საჯარო სექტორში იმუშავებენ",- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესს პირადად აკონტროლებს. 

   პრემიერის შეფასებით, ასოცირების შეთანხმება არის საქართველოს ევროპეიზაციის და დემოკრატიზაციის სამოქმედო გეგმა. 

   მან სტუდენტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია მეწარმეობის განვითარების სააგენტოს შესახებ, რომელიც მეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, გასულ წელს სოფლის მეურნეობაში 400 მილიონის ინვესტირება მოხდა, რაც უპრეცედენტო მოვლენა იყო.

   "შეიქმნა 74 ახალი საწარმო, ბევრი მცირე საწარმო გაფართოვდა და განახლდა. სოფლის მეურნეობის აღორძინებაში სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

   მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯანდაცვის რეფორმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იყო, გარდა ამისა, ხელისუფლებამ შეიმუშავა და დაამტკიცა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმა და განათლების განვითარების სტრატეგია.

   მანვე სამოქალაქო სექტორის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი გაძლიერების იმედი გამოთქვა. ასევე მოკლედ შეეხო მედიის როლს და აღნიშნა, რომ ობიექტური და დამოუკიდებელი მედია ქვეყნის განვითარების საწინდარია. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მისთვის მისაღებია ობიექტური კრიტიკა, მაგრამ ხშირად მედიასაშუალებები არასწორ ინტერპერატიას აძლევენ ფაქტებს, რაც არასწორია.

   სტუდენტებთან საუბრისას პრემიერ-მინისტრმა სხვა რეფორმების შესახებაც ისაუბრა და პასუხი გასცა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებს.

"საქართველოში დღეს უნიკალური ბიზნესგარემოა და ბიზნესი აბსოლუტურად ხელშეუხებელია. ადამიანის უფლებები დაცულია, მედია ხელშეუხებელია, რაც ციხეებში ხდებოდა, წარსულს ჩაბარდა. მოხდა პოლიციის და ჯარის დეპოლიტიზირება. სასამართლო სისტემა გახდა გამჭვირვალე. ჩვენ რეალურად ვქმნით ევროპულ დემოკრატიას, ასევე ვიწყებთ სტრატეგიულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის პორტი. ჩვენი მდებარეობა უნდა გამოვიყენოთ. უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალი აბრეშუმის გზის განვითარებასა და აღდგენაზე. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მოწინავე მოთამაშე რეგიონში. მე საქართველო წარმომიდგენია, როგორც ლოგისტიკის, განათლების, კულტურის ცენტრი. ჩვენ გვაქვს ამის პოტენციალი, თქვენია მომავალი", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს.

   საბედნიეროდ დღეს საქართველოში მედია აბსოლუტურად თავისუფალია და არავითარ ზეწოლას არ განიცდის, მაგრამ როცა ჩვენ გვაქვს მიზეზი, კრიტიკა გამოვთქვათ მედიის მიმართ, ეს არ უნდა მოგვერიდოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

   როგორც პრემიერმა განმარტა, ყველა პროფესიის ადამიანი უშვებს შეცდომას და ამ შეცდომებზე მითითება უნდა მოხდეს. 

"მაშინ, როდესაც მედია არის ობიექტური, სამართლიანი, ყველა სამართლიანი და ობიექტური კრიტიკის მისაღებად მზად ვარ. როცა არიან ტენდენციური და სუბიექტურები, მიმაჩნია, რომ ეს მიუღებელი და უსამართლოა. მინდა, რომ ხარისხობრივად მედია კიდევ უფრო განვითარდეს. თავისუფლების ხარისხი გაქვთ მაღალი, თქვენ არავითარ ზეწოლას არ განიცდით, ეს არის ახალი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, მაგრამ საჭიროა ამ ხარისხის განვითარება იმისთვის, რომ კიდევ უფრო ობიექტურები და სამართლიანები იყოთ. მედიასაშუალებებს დიდი პასუხისმგებლობა გაკისრიათ საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ. თქვენ ხართ მეოთხე ხელისუფლება და გაქვთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.

   ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, სამოქალაქო სექტორიც ხშირად სამწუხაროდ ავლენს ტენდენციურობას და მიკერძოებულობას. 

მისი თქმით, აუცილებელია, მთავრობას, სამოქალაქო სექტორსა და მედიას შორის აქტიური კომუნიკაცია, რათა ხარვეზებზე დაუფარავად საუბარი მოხდეს. 

"თუ გვინდა თანამედროვე და ძლიერი სახელმწიფო ავაშენოთ, არ უნდა მოვერიდოთ ერთმანეთის კრიტიკას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

პრემიერ-მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენციაში გადასვლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იქ სამუშაოდ გადასვლის სურვილი არ აქვს. 

   "რამდენიმე დღის წინ მივიღეთ დასტური, რომ მარგველაშვილი დარჩება ავლაბრის რეზიდენციაში. ჩვენ რამე ახალს მოვიფიქრებთ. მე პირადად არ მაქვს სურვილი, გადავიდე ათონელის ახალ რეზიდენციაში, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ ქვეყანა უნდა განვითრდეს, ფეხზე დადგეს ეკონომიკა, ჩვენი ხალხი და შემდეგ ვიზრუნოთ ახალ რეზიდენციებზე", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: