ირაკლი ღლონტი ახალ ინიციატივას აყენებს
პარტია "რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი ახალი ინიციატივით გამოდის და ხობის მაჟორიტარ დეპუტატს გოდერძი ბუკიას წერილით მიმართავს.
-"დღეს გადავწყვიტე პოლიტიკური გაერთიანების "რეფორმატორები" სახელით ელექტრონული მუსიკის ფესტივალამდე (კაზანტიპი) ანაკლიაში მოვაწყოთ "მეგრული სიმღერების ფესტივალი" და ასე მშვიდობიანად და კულტურულად გამოვხატოთ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პროცესთან მიმართებით. ალბათ დამეთანხმებით, რომ სახელისუფლებო პროექტს "კაზანტიპი" საზოგადოებაში მოჰყვა ორაზროვანი შეფასება, ზოგს მოსწონს იგი, ზოგიც - უარყოფს მისი ჩატარების იდეას, ამ აზრზეა დედა ეკლესიაც, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ქვების სროლას და დარბევას, მით უმეტეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ კრედიტები აიღო და საკუთარი მამა-პაპისეული სახლ-კარი საოჯახო სასტუმროებად გადააკეთა და მზად არიან აქამდე მათთვის ნაკლებად საინტერესო სტუმრებს ღამის გასათევი გადასცენ ქირის სანაცვლოდ, ეს დუხჭირი ცხოვრების ბრალია. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ წლების მანძილზე ხობში აწყობთ მეგრული სიმღერების საერთაშორისო ფესტივალს და გვაქვს შემოთავაზება, რომ გამოვიდეთ პოლიტიკურ-პარტიული ინტერესებიდან და ერთად, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა ერთიანი ძალებით ჩავატაროთ აღნიშნული ფესტივალი ამჯერად არა ხობში, არამედ - ანაკლიაში და რაც მთავარია, არც ერთი პოლიტიკური პარტიის სახელით ან ერთობლივად", - ნათქვამია ღლონტის განცხადებაში.