საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტები ამოქმედდება

საჯარო სკოლებში ექიმის კაბინეტები ამოქმედდება

   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტის ფუნქციონირებისა და სკოლის ექიმის საქმიანობის საპილოტე პროგრამას იწყებს. პროექტი საქართველოს მასშტაბით, 100 საპილოტე საჯარო სკოლაში განხორციელდება. ამ ეტაპზე, შერჩეულ სკოლებში სამედიცინო კაბინეტებისათვის განკუთვნილი ოთახების სარემონტო სამუშაოები და მათი აღჭურვა მიმდინარეობს. დღეს, მინისტრი თამარ სანიკიძე ერთ-ერთ საპილოტე - თბილისის 64-ე საჯარო სკოლას ეწვია და პირადად გაეცნო სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას.

 

   კაბინეტებისთვის ექიმების შერჩევას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი კომისია უზრუნველყოფს, სამედიცინო კაბინეტების მოწყობასა და აღჭურვას კი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დააფინანსებს.  უკვე ახალი 2014-2015 სასწავლო წლის დაწყებისთვის სამედიცინო კაბინეტი პროგრამაში ჩართულ ყველა საჯარო სკოლაში დაიწყებს ფუნქციონირებას. ეტაპობრივად კი, საჭირო ინვენტარით, მედიკამენტებით და სხვა აუცილებელი რესურსებით აღჭურვილი ექიმის კაბინეტი ყველა საჯარო სკოლას ექნება.

 

   პროექტის ამოქმედება გადაუდებელმა აუცილებლობამ განაპირობა ვინაიდან, წლების განმავლობაში სკოლების უმეტესობა დამოკიდებული იყო მხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მომსახურებაზე და არ იყო ჩართული იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. არ არსებობდა სკოლის მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა და არ მოქმედებდა რეფერალის განხორციელების ადექვატური მექანიზმი. სკოლებში ფიქსირდებოდა ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა და ჰიგიენის საკითხებთან დაკავშირებით, იყო ინფორმირებულობისა და ცოდნის ნაკლებობა, ყველა ეს პრობლემა ახალი პროექტის ფარგლებში გადაიჭრება, მოსწავლეები საჭიროების შემთხვევაში კვალიფიციურ პირველად სამედიცინო დახმარებას სკოლაშივე მიიღებენ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: