საქართველოს პრეზიდენტი ქართველ დიპლომატებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ქართველ დიპლომატებს შეხვდა

   "ამბასადორიალი 2014"-ის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქართველ ელჩებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და მათ სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება საქართველოს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ დიპლომატიური კორპუსი უდიდეს როლს ასრულებს საერთაშორისო არენაზე ქვეყნის სათანადოდ წარმოჩენის თვალსაზრისით. მისი განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავება სწორედ მათ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება იმ პროექტებზეც გაამახვილა, რომელთა განხორციელება საქართველოს მიმართ დაინტერესებას მსოფლიო მასშტაბით გაზრდის.

 

   საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნატო-ს სამიტი იყო, რომელიც სექტემბერში დიდ ბრიტანეთში გაიმართება. იმ ელჩებს, რომლებიც საქართველოს ნატოს წევრ ქვეყნებში წარმოადგენენ, მან კიდევ ერთხელ მოუწოდა, აქტიურად ჩაებან სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებში.  როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უელსის სამიტის შემაჯამებელ კომუნიკეში უნდა აისახოს მიღწეული პროგრესი და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა. მხარდაჭერის მოსაპოვებლად კი, ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, აუცილებელია ნატო-ს წევრ სახელმწიფოებთან აქტიური მუშაობა.

 

   ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობისას, გიორგი მარგველაშვილმა  განსაკუთრებული ყურადღება ეროპისა და აზიის ბაზრების მნიშვნელობას დაუთმო. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ასოცირების შეთანხმება, რომელიც ევროპის ქვეყნებთან თავისუფალ ვაჭრობას მოიცავს, არის ახალი ეტაპის დასაწყისი, რომელიც ქვეყანას თავისუფალ ერთა ევროპულ ოჯახში დააბრუნებს.

 

   ამას გარდა, საუბარი შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.

 

   შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

 

   საქართველოს პრეზიდენტისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრას ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში თენგის ფხალაძე და სხვები. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: