ხელისუფლება და კაზანტიპი, ანუ, როგორ ავიცილოთ თავიდან აგვისტოს კოშმარი?!
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუკმა გადაწყვეტილება შეცვალა და ე.წ მუსიკალური ფესტივალი ანაკლიის ნაცვლად განმუხურში ტარდება. შეიძლება ეს ბოროტი ხუმრობაა, მაგრამ , ასეც რომ იყოს, არსებითად არაფერს შეცვლის!
3 დღე დარჩა სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელი მრევლის ნაწილის მიერ დაგეგმილ საპროტსტო აქციამდე, რომელიც კაზანტიპის ფესტივალის ჩაშლის მოტივით ანაკლიაში ტარდება.როგორც საინფორმაციო საშუალებები იტყობინებიან, აღნიშნულის საპირისპიროდ ადგილობრივი მოსახლეობა პერმანენტული აქციით იმუქრება და "არავის მისცემს კაზანტიპის ფესტივალის ჩაშლის უფლებას!"
ყურადღებას გავამახვილებ ერთ საჩოთირო ნიუანსზე, რომელიც სარწმუნო წყაროების დახმარებით მივიღე.
საუბარია ყბადაღებულ კრედიტებზე, რომელიც ადგილობრივებმა კერძო სასტუმროებისა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად იძულებით აიღეს თურმე !
დიახ იძულებით. ამ მზაკვრული ჩანაფიქრის არსი ადგილობრივი მოსახლეობის "ამოსუნთქვაში კი არ მდგომარეობს " (როგორც ამას მავანნი ამტკიცებენ) არამედ, სწორედ იმაში, რა სერიოზული დილემის წინაშე დადგნენ ისინი დღევანდელ სიტუაციაში.
სამწუხაროდ ამ გაუაზრებელი ნაბიჯით ისინი იქცნენ ყოველგვარ ზნეობას მოკლებული უმსგავსობის ბრმა მხარდამჭერებად და უკან დასახევი გზაც არ დაიტოვეს! (ამბობენ იმასაც, რომ ამ გაუგებრობაში ნაციონალებიც თავიანთ საკბილოს ეძებენ ).
პირად საუბრებში და ოფიციალურ კომენტარებშიც, ბევრი ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობის საქციელი სწორედ წინასწარ დაგებული ხაფანგით (კრედიტებით) გაამართლოს . სხვა საკითხია იმათი პოზიცია, ვინც ამ ე.წ. "ფესტივალში" საგანგაშოს ვერაფერს ხეავს- ის, რომ მამათმავლობა და სხვა სახის სექსუალური უკუღმართობა ჩვენს რეალობაში უცხო არ არის, ის, რომ საქართველოში არსებობს ლამის ოფიციალური ბორდელები, ის, რომ ნარკოტიკებს კაზანტიპის გარეშეც ეტანებიან, არ ნიშნავს იმას, რომ ფართო გზა გავუხსნათ სექსუალურ აღვირახსნილობას და მისი არსებობა ქართულ მიწაზე ოფიციალურად დავაკანონოთ!
საქართველოს საპატრიარქომ კაზანტიპის ფესტივალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. განცხადებაში პირუთვნელადაა ნათქვამი, თუ რა იმალება ასეთი "ფესტივალების" მიღმა და რატომ არ უნდა ჩატარდეს ანალოგიური ვაკხანალია ქართულ მიწაზე, მითუმეტეს მარიამობის მარხვის პერიოდში.
საპატრიარქო მოუწოდებს საკუთარ სამწყსოს არ წავიდნენ ამ ე.წ ფესტივალზე, ხოლო მთავრობას ამ მოჯადოებული წრიდან იპოვოს გამოსავალი.
ის, ვინც ლაითად უყურებს ამ ფეტივალს და საგანგაშოს ამაში ვერაფერს ხედავს, სწორედ მართლმადიდებელი მრევლისკენ იშვერს ხელს და გვამუნათებს- ვისაც იქ წასვლა ცოდვის მორევში ჩათრევა ჰგონია, ნუ წავა და ამით საკუთარ სულს გადაირჩენს. ხოლო, ვისაც ეს ნაკლებად ადარდებს და ჩვეულებრივი გართობად მიიჩნევს გავატაროთ !
ჩემი ერთ-ერთი სტატიის კომენტარში ახალგაზრდა ქალბატონი წერდა: მე რომ არ წავიდე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი სისხლი და ხორცი არ შევიცოდო, ვინც ამ წუმპეში იძირება და მათ გამოც არ მტკიოდესო. ჭეშმარიტად. ერი მორწმუნეებისგან და ათეისტებისგან შედგება და აქედან გამომდინარე, ეკლესიის საზრუნავი მარტო მართლამდიდებელი მრევლი არ არის- ერს პასუხი თავისი შვილების საქციელზე ერთიანად მოეკითხება. არ აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ქრისტიანია თუ არაქრისტიანი.
მართალია ყველა ადამიანი საკუთარი ცოდვებით წარსდეგა უფლის წინაშე, მაგრამ როცა საქმე ერის არჩევანს ეხება, მტყუან-მართალი მაშინ ერთ ქვაბში იხარშება (ამის ცოცხალი მაგალიათია სოდომ-გოორიც).დიახ, თუ ხედავ შენი სისხლი და ხორცი წუმპეში იძირება და ხელი არ შეაშველე, რომ არ ჩაიძიროს, სასჯელი შენც არ აგცდება!
ასე, რომ ვინც თავს იმშვიდებს და ჩვენც გვამშვიდებს, რომ ყველა ადამიანი თავისუფალია საკუთარ არჩევანში და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კაზანტიპის ფესტივალში მონაწილეობას ვერ დავუშლით, ძალიან უსუსური არგუმენტია ღმერთმანი!
აქსიომაა, რომ ზოგს "აკრძალული ხილის" სინდრომი აქეზებს და ბრმად მიექანება უზნეობის მორევში, ზოგს ძალიან სიამოვნებს სექსუალური თავისუფლება და ეცდება "თავისი გაისწოროს". რა ვქნათ ჩვენ? გულხელდაკრეფილი ვიჯდეთ და ველოდოთ, როგორი იქნება ღვთის რისხვა ჩვენივე უსუსურობის გამო?!
მე რამდენიმე წერილი გამოვაქვეყნე კაზანტიპის თემასთან დაკავშირებით. ყურადღებით ვეცნობი თითოეულ კომენტარებს და შიშის გრძნობა მიპყრობს- ქართველი ერი საკუთარ გზას აცდა და ნებაყოფლობით უარს ამბობს იმ ტრადიციების ერთგულებაზე, რომლითაც იგი ყოველთვის გამორჩეული იყო მსოფლიოში!...
სამწუხაროდ, აქა-იქ თუ წააწყდები საღ აზრს, სადაც რეალურადაა დანახული ის საშიშროება, რაც ქვეყანას ასეთი უღმერთო და უგუნური დამოკიდებულებით ემუქრება! ბილწსიტყვაობებს და სხვა მდარე გამონათქვამებს რომ თავი დავანებოთ, სამწუხაროდ, უმრავლესობა ვერ აცნობიერებს იმ არსებით სირთულეებს რაც ხელისგულზე აშკარად ჩანს...
ახლა ისევ კაზანტიპს დავუბრუნდეთ. თუ რამე სასწაული არ მოხდა, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს ე.წ. ფესტივალი ჩატარდება. თუმცა მანამდე წინ გველის 14 აგვისტო, რომელმაც ძალიან საეჭვოა დაპირისპირების გარეშე ჩაიაროს!...
სამწუხაროდ, დღემდე გაურკვეველია საქართველოს მთავრობის პოზიცია არადა თუ საზოგადოების ჯანსაღი ნაწილის განწყობით ვიმსჯელებთ, შეიძლება ეს სერიოზული ტესტი გახდეს დღევანდელი ხელისუფლებისთვის,მ ყველა თავისი მოსალოდნელი შედეგებით!...
მიუხედავად იმისა, რომ "კაზანტიპის რესპუბლიკის" პრეზიდენტი, მისი უდიდებულესობა ნიკიტა მარშენუკი იფიცება- ფესტივალი თქვენი ტრადიციებისთვის მუღებელ ხასითს არ მიიღებსო(იგულისმხება სექსუალური თავისუფლება და ნარკოტიკების თავისუფლად მოხმარება) , არა მგონია მათ საკუთარი "ტრადიცია" დაარღვიონ და მხოლოდ მუსიკით შემოიფარგლონ.
ხაზს ვუსვამ: თუ ხელისუფლებას არ ძალუძს ან არ უნდა კაზანტიპის ფესტივალის ჩაშლა, კეთილი ინებოს და ასეთი ნაბიჯი მაინც უნდა გადადგას: მთავრობის, საზოგადოებისა და სასულიერო პირების მონაწილებით შექმნას ე.წ მ,ონიტორინგის ჯგუფი, რომელიც 10 დღის მანძილზე მნიტორინგს გაუწევს ფესტივალის მინდინარეობას.
თუ ასეთ გადაწყვეტილებას არ ითვალისწინებს ე.წ კაზანტიპის რესპუბლიკასთან " გაფორმებული ხელშეკრულება, საქართველოს, როგორც ფეტივალის მასპინძელ ქვეყანას, აქვს უფლება საზოგადოების განწყობაზე დაყრდნობით მეორე მხარეს შეატანინოს კორექტივი აღნიშნულ ხელშეკრულებაში.
ხოლო, თუ საქართველოს მთავრობა ამაზე არ წავიდა და საზოგადოების ვნებათაღელვას ყური არ ათხოვა, მტკიცება არ არის საჭირო, რომ ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარით იმართება და ამ უზნეობის დემონსტრირებაში დღევანდელი ხელისუფლების ხელიც ურევია.
ჯერ კიდევ საკმარისი დროა სიტუაციის განსამუხტად და მოსალოდნელი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.
ვნახოთ, რა არჩევანს გააკეთებს დღევანდელი ხელისუფლება.
საბა საბახტარაშვილი