დემურ გიორხელიძე:-"მევახშეები მაღალჩინოსნების მიერ მოპოვებულ ფულს აპროცენტებდნენ საკმაო ოდენობით..."
სახელმწიფო კანცელარიის წინ გრძელდება იპოთეკითა და ბანკის სესხებით დაზარალებულთა საპროტესო აქციები. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ
შედეგი არაფერია, მთავრობა არ უსმენს ხალხს და გრძელდება მასიური გამოსახლებები.
შესაძლებელია თუ არა ამ პრობლემის მოგვარება და აქციის მონაწილეების პრობლემის გადაჭრა? ამ კითხვით "ივერიონმა" ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძეს მიმართა.
-"ეს რთული პრობლემაა - უკვე პოლიტიკური... მთავრობების უპასუხისმგებლო პოლიტიკამ და ხელისუფლების მიერ შექმნილმა მახინჯმა ფინანსურმა სისტემამ, ფულის საშინელმა შიმშილმა ქვეყანაში, ფულის ხელმიუწვდომლობამ განაპირობა მევახშეობის ინსტიტუტის გაძლიერება... ეს მევახშეები მაღალჩინოსნების მიერ მოპოვებულ ფულს აპროცენტებდნენ საკმაო ოდენობით... ამიტომ იყო მძარცველური პროცენტები - თვეში 5-7% - ეს გაუგონარი პროცენტია, რომლის გადახდა არანაირ ლეგალურ ბიზნესს არ შეუძლია... სწორედ მზაკვრული მიზანი - ხალხის ძარცვა და მათი ქონების დაუფლება იყო ამ პოლიტიკის მიზანი... თუ ეს ხალხი ოდნავ მაინც ორგანიზებული გახდა - მაშინ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემები შეექმნება... წინა პრემიერ მინისტრმა შეცდომა დაუშვა - როცა იგნორირება გაუკეთა პრობლემას და მახინჯ საბანკო სისტემას დაუჭირა მხარი... ეს მოკლე ხედვის შედეგი იყო... ახლა პრობლემა გადაწყვეტას ითხოვს... თუ არ გადაწყდება, ათიათასობით ადამიანი უსახლკაროდ უნდა დარჩეს და ეს ხალხი ძალიან ბრიყვი და მორჩილ უნდა იყოს, რომ მშვიდად შეხვდეს საკუთარ ძარცვას... ვალების რესტრუქტურიზაცია და გარანტიები სახელმწიფოდან ამ ეტაპზე აუცილებელი ხდება...
აღებული ვალი უნდა დაბრუნდეს, მაგრამ ხალხს საშუალება უნდა მიეცეს დაფაროს ვალი... ეს პარაზიტი ბანკები იძულებული უნდა იქნენ დაასაქმონ ეს ხალხი და ამოიღონ თავიანთი ფული... ეს პასუხისმგებლობა ნაწილობრივ ბანკებს უნდა დაეკისროს - ევოპის მაგალითები არსებობს... სხვა ღონისძიებებიც გასატარებელია".