მერაბიშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ე.წ. "26 მაისის" საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის ვანო მერაბიშვილისთვის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის ძალაში დატოვებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
"დღეს ე.წ. "26 მაისის" საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ივანე მერაბიშვილის მიმართ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც ივანე მერაბიშვილი ცნობილ იქნა დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. მასვე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის, 1 თვისა და 15 დღის ვადით.
სააპელაციო სასამართლომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები - დაზარალებული მომიტინგეების ჩვენებები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, მათი წარმომადგენლების შეფასებები და 26 მაისის მოვლენების ამსახველი ვიდეომასალა, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ 2011 წლის 26 მაისს ივანე მერაბიშვილმა, მიტინგების გაგრძელების თავიდან აცილების მიზნით, გასცა უკანონო ბრძანება მშვიდობიანი მომიტინგეების ალყაში მოქცევისა და მათი მასობრივი დაკავების შესახებ.
მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ალყაში მოქცეული მომიტინგეების მიმართ გამოიყენეს ინტენსიური ძალადობა, რის შედეგადაც მშვიდობიანმა მოქალაქეებმა მიიღეს ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები, ხოლო რამდენიმე მათგანი გარდაიცვალა",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში