ზვიად ტომარაძე:-"თბილისში გიორგი ანწუხელიძის და შინდისში გმირულად დაღუპული 17 მებრძოლის მემორიალი უნდა იდგეს"
-"მივესალმები ახალი მერის გეგმებს მიხეილ სააკაშვილისგან დამახინჯებული თბილისის იერსახესთან დაკავშირებით. ბ-ნ ნარმანიას აზრი რიყეზე აშენებული თეატრისა და არსაით მიმავალი ველოსიპედის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია. ასევე უპრიანი იქნება გმირთა მოედანზე აღმართულ სვეტს, რომელიც იმდენად დიდ სიმახინჯეს წარმოადგენს, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს კარგა ხანი დაუმთავრებელი ეგონა, დემონტაჟი გაუკეთდეს. მის მაგივრად კი 2008 წლის აგვისტოს ომში ტყვედ ჩავარდნილი მებრძოლის გიორგი ანწუხელიძის ძეგლი დაიდგას. ასევე აუცილებელია თბილისში გამოინახოს ადგილი, იმავე აგვისტოს ომში შინდისში გმირულად დაღუპული 17 მებრძოლის მემორიალის გასაკეთებლად.
რადგან ძეგლზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ აღვნიშნო წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის სავალალო მდგომარეობა. ეს მთელი ქვეყნის სირცხვილია. იქნებ ახალმა კულტურის მინისტრმა ითავოს ამ ძეგლის რესტავრაციის დაწყება.
ზვიად ტომარაძე
"ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი"
"ივერიონი" ქედს იხრის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების წინაშე და კიდევ ერთხელ გთავაზობთ გიორგი ანწუხელიძის წამების კადრებს, რათა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და ღირსეული პატივი მივაგოთ ამ ბიჭების ხსოვნას.