ნატალია ხოხიაშვილი:-"ლაშა ტაბატაძეს დავეხმარებით სტანსბურგში გააგზავნოს თავისი საქმე"

ნატალია ხოხიაშვილი:-"ლაშა ტაბატაძეს დავეხმარებით სტანსბურგში გააგზავნოს თავისი საქმე"

   "ივერიონზე" გამოქვეყნებულმა სტატიამ "სასჯელი "ქართული ოცნების" მხარდაჭერისთვის, წამება ქართულ ციხეში, გაუპატიურებული ქალბატონი, რომელიც დამნაშავედ მიჩნეულ ლაშა ტაბატაძეს არ იცნობს, შეცვლილი ბრალდება და სისრულეში მოყვანილი მუქარა" (http://iverioni.com.ge/5873-sasjeli-qarthuli-ocnebis-mkhardatceristhvis-tsameba-qarthul-cikheshi-gaupatiurebuli-qalbatoni-romelic-damnashaved-michneul-lasha-tabatadzes-ar-icnobs-shecvlili-braldeba-da-sisruleshi-moyvanili-muqara.html) საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ არაერთი ადვოკატი, უფლებადამცველი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია დაგვიკავშირდა და პატიმრის დასახმარებლად მზაობა გამოთქვა.

   დღეს რედაქციაში არასამთავრო ორგანიზაციის "ახალი თაობა-დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარე ნატალია ხოხიაშვილი გვეწვია და ლაშა ტაბატაძის ადვოკატთან, ვლადიმერ კიკნაძესთან შეხვედრის დეტალები, საქმის ძიების მსვლელობის დროს აღმოჩენილი დარღვევები და პატიმრის დასახმარებლად შემუშავებული გეგმები გაგვაცნო.

   -"ასეთი უკანონო პატიმარი ჯერ კიდევ ბევრი ზის ციხეში, თუმცა ლაშას ამბავი პირველად "ივერიონის" საშუალებით გავიგე და საკმაოდ აღვშფოთდით. ჩვენმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა შეესწავლა საქმის დეტალები და ახალი გარემოებები. ის, რომ ბევრი უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში, არის ხელისუფლების ბრალი, რადგან დღემდე  არ არის შექმნილი ხარვეზების დამდგენი კომისია. იყო ამნისტია, რომელიც არ შეეხო პიროვნებებს და შეეხო მხოლოდ კონკრეტულ მუხლებს. მუხლით მისჯილი ჰქონდა ბევრ ადამიანს, მაგრამ არ აღიარებდა დანაშაულს, როგორც ეს ლაშა ტაბატაძის შემთხვევაშია. შეიძლება შეეხოს ამნისტია, შეიწყალოს კომისიამ მაგრამ ხომ არ გამართლდება, ის ვიღაცის თვალში ისევ დამნაშავე იქნება და შავი ლაქა მთელი ცხოვრება გაყვება. ე.ი. მასზე არ დადგება გამამართლებელი განაჩენი, მაგრამ ხელისუფლებას რაღაც ფორმით ამ ადამიანების მიმართ რომ გამოეხატა თანადგომა, მაგალითად უდოს კომისიის სხდომაზე განეხილათ მათი საკითხები, ან შეწყალების კომისიაზე, პროტესტის გრძნობა ასე დიდი არ იქნებოდა.

-კონკრეტულად ლაშა ტაბატაძის საქმეზე რა ხდება? რა შანსები აქვს და რა ეტაპზეა საქმე?

-მე ვიცი მისი ადვოკატისგან რა მოხდა და რატომ მოხვდა ეს ბიჭი ციხეში, ეს თქვენმა მკითხველმაც იცის თქვენს მიერ გამოქვეყნებული მასალიდან და აღარ განვმეორდები. სასამართლო პროცესები დარღვევებით არის ჩატარებული, ბრალდებულს სიტყვის თქმის უფლებაც კი არ მისცეს, ბრალდებულს არაერთხელ თავისი თვალით უნახავს როგორ მიდიოდა მსჯელობა მისი საქმის გარშემო და ეს არც არის გასაკვირი, წინა ხელისუფლების დროს ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, როცა საქმე იკერებოდა და ახალ ხელისუფლებასაც ეს სენი გადაედო მგონი... გეტყვით, რომ ამ ეტაპზე ქალბატონმა მანანა კობახიძემ შეწყალების კომისიას გადაუგზავნა ეს საქმე და ვნახოთ რა იქნება, ჩვენმა ორგანიზაციამაც მიმართა უკვე რეკომენდაციით შეწყალების კომისიას და დავეხმარებით სტრანსბურგის სასამართლოში გაასაჩივროს თავის ადვოკატთან ერთად. ჩვენ გვაქვს ამის რესურსი და აუცილებლად დავეხმარებით სტრანსბურგში განიხილოს საქმე. ამ ეტაპზე სხვა ვერაფერს გავაკეთებთ, ცუდია ის, რომ შეიძლება მარიამობისთვის არ მოხერხდეს ამ საქმის შეწყალების კომისიაზე განხილვა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ კომისია გაითვალისწინებს ჩვენს და მანანა კობახიძის რეკომენდაციებს და ამ ბიჭის საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს. დიდია საზოგადოების დაინტერესება აღნიშნული ფაქტისადმი და იმედია, ახლა მაინც მოხდება ისე, რომ დასმულ კითხვებზე პასუხები იქნეს გაცემული". 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: