ხაშურის რაიონში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა
ხაშურის რაიონში, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, ინფექციის გამოვლენიდან რამდენიმე დღეში კი, სამი პაციენტი გარდაიცვალა.
ინფიცირებულთა შორის, ძირითადად, ის ადამიანები ჭარბობენ, ვისაც მსხვილფეხა რქოსან პირუტყვტთან აქტიური შეხება აქვთ.
შექმნილ მდგომარეობას, ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ეპიდემიურ აფეთქებად აფასებენ.
"იმდენად რთულია ხაშურში მდგომარეობა, რომ შეიძლება ითქვას, ეპიდემიურ აფეთქებასთან გვაქვს საქმე. ბოლო პერიოდში, 12 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად, ჩემი ინფორმაციით, სულ საქართველოში 15 ფაქტია დაფიქსირებული, როცა, აქედან, ამხელა პროცენტული მაჩვენებელი ხაშურზე მოდის, ბუნებრივია შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. გარდა ამისა, სამი შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ მხოლოდ ეს ვერ იქნება საკმარისი, ზომების მიღება უნდა მოხდეს კომპლექსურად, სხვა უწყებებთან ერთად. ადრე, მსგავსი ინფექციების შემთხვევაში, იწამლებოდა კერები, პირუტყვის სადგომების დამუშავება ხდებოდა, ახლა კი, ეს ღონისძიებები აღარ ტარდება", - განაცხადა ხაშურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა დავით ჩიქოვანმა.
გასული საუკუნის 40-იან წლებში, ყირიმში აღმოჩენილი ჰემორაგიული ცხელება ვირუსული ინფექციაა და ადამიანებზე ტკიპის ნაკბენით ვრცელდება. ხაშურის რაიონში ჩასულმა ენტომოლოგებმა დაავადების მატარებელი ტკიპები რამდენიმე სოფელში აღმოაჩინეს.