რიჩარდ ნორლანდი: უკანასკნელი მოვლენები ადასტურებს, რომ საქართველოში დემოკრატია ვითარდება
საქართველოში დემოკრატია ვითარდება და უკანასკნელი მოვლენები ამას მხოლოდ ადასტურებს. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს მეათე ყოველწლიურ საგანმანათლებლო გამოფენაზე განუცხადა, რომელიც საელჩოს ორგანიზებით პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა.
ელჩის განმარტებით, საქართველოს და აშშ-ის მტკიცე ურთიერთობები არა მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ, არამედ კულტურულ სფეროებშიც აქვს.
"საქართველოს და აშშ-ის აქვს მტკიცე ურთიერთობები, თუმცა ეს არ ვრცელდება მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებზე, ის ასევე მოიცავს კულტურულ ასპექტსაც. ეს ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტად უწყობს ხელს ადამიანებს შორის კულტურული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. ამის ნაწილია საგანმანათლებლო სფეროც, რომელიც აძლევს ადამიანს შესაძლებლობას ისწავლოს და ამავე დროს, ეზიაროს კულტურულ ნაწილს", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
რიჩარდ ნორლადმა შეერთებულ შტატებში ქართველი სტუდენტების სწავლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. "დღევანდელი ჩვენი ღონისძიება ქართველ სტუდენტებსა და სწავლის მსურველებს საშუალებას აძლევს, უკეთ გაეცნონ ამერიკულ უნივერსიტეტებს. აქ წარმოდგენილია 13 განსხვავებული ამერიკული უნივერისტეტი, რომელიც მსურველებს წარუდგენს ინფორმაციას იქ სწავლის შესაძლებლობების შესახებ. საქართველოსაც აქვს მთელი რიგი შესანიშნავი უნივერსიტეტები და იბადება კითხვა: რატომ უნდა გაემგზავროს ასე შორს ადამიანი სასწავლებლად? თუმცა არის მეორე ასპექტი, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თითოეული ქართველი სტუდენტი, რომელიც ამერიკაში ჩადის, გახლავთ ერთგვარი ელჩი თავისი ქვეყნის, რადგან იმ ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს და იქ შეძენილ მეგობრებს, აცნობს ქართულ კულტურას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.
მისივე განმარტებით, ქართველი სტუდენტებისთვის ამერიკაში მიცემული საგანმანათლებლო შესაძლებლობები საქართველოს უკეთეს მომავალს შეუწყობს ხელს.