რატომ უნდა ვინატროთ 100 ავლიპ ზურაბაშვილი და რატომ დაგვცინის ასე უღმერთოდ გიორგი სიგუა?!
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ დღევანდელ საქართვერლოს 100 ავლიპ ზურაბაშვილი არ ეყოფა!
ასეთ დასკვნამდე მიმიყვანა კაზანტიპის მთავარი გმირის-გიორგი სიგუას "განმარტებითმა" ბარათმა , სადაც "გულწრფელად" მოგვითხრობს, თუ საიდან იშვა ანაკლიაში კაზანტიპის ფესტივალის ჩატარების იდეა.
ამ "ბარათიდან" გამომდინარე, საქმე გვაქვს არა მარტო უტიფარ და ცინიკოს ახალგაზრდასთან, არამედ, სერიოზულ ფსიქიკურ პრობლემასთან, რომელსაც აწ გარდაცვლილი ავლიპ ზურაბაშვილის ფსიქოლოგიური დასკვნა დასჭირდებოდა.
როგორც ტურიზმის ექს-შეფი გვიყვება, კაზანტიპის ჩატარების იდეა "სპონტანურად" დაიბადა - წელს მას და მის მეგობარს გიორგი გეგეჭკორს რამდენიმე დღე ზეტ კაზანტიპის სახელმწიფოში უნდა გაეტარებინათ, მაგრამ, ეს გეგმა პირსისხლიანმა პუტინმა ჩაუშალათ თურმე - ყირიმი ფაქტიურად უკვე რუსეთის საკუთრებაა და სავიზო ხათაბალა თავიდან რომ აეცილებინათ ,კაზანტიპის ფესტივალის საქართველოში ჩატარება გადაწყვიტეს და ამ იდეით ნიკიტა მარშუკთან "უსტარი" აფრინეს თურმე.
ნიკიტაც უკეთესს რას ინატრებდა და... ასე და ამგვარად მუსიკალური ფესტივალის ანაკლიაში ჩატარების იდეაც გაიჩარხა!
ეჭვი ნამდვილად ცუდი თვისებაა. ჩვენ რომ გვეგონა, ბატონი გიორგი სიგუა ადგილობრივების ჯიშის გაგრძელებაზე და ბიუჯეტის დეფიციტის ამოვსებაზე ფიქრობდა , ძალიან ვცდებოდით- თურმე კაცს არაორდინალური დასვენება მოუნდა და ამისთვის საკუთარი თანამდებობაც ბოროტად გამოიყენა- დარწმუნებული ვარ, სიგუა ხელიხელნაგოგმანები "მასტი"იქნება კაზანტიპის ტერიტორიაზე.
ხუმრობა იქით იყოს და ყოფილი ჩინოვნიკი, რომლის თვითნებობამ ერის სულიერება სასწორზე შეაგდო და ასე ცინიკურად ელაპარაკება საზოგადოებას, ამაზე პასუხი არა ამ უმწიფარ და ზეთავხედ ყმაწვილს, არამედ, იმ მთავრობას უნდა მოვთხოვოთ, ვინც ის ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელად დანიშნა ( ოე, მთავრობავ!)
დაგვცინიან და ჩვენ კი იმის გარკვევას ვუნდებით, კაზანტიპის ფესტივალი თავსმოხვეული უზნეობაა, თუ გართობა დასავლურად!
საბა საბახტარაშვილი