ბაჩო ახალაია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც საზოგადოებას მობილიზებისკენ მოუწოდებს. ახალაიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"თავისუფალი საქართველოს თავისუფალ მოქალაქეებს!
ძმებო, დღეს ნამდვილად მიმდინარეობს დაუნდობელი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის, მომავლისთვის და ეს ფრონტის ხაზი გადის უკრაინაზე. გარწმუნებთ, ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს პატრიოტები, რომ უკრაინელების 20 წლის წინანდელი, აფხაზეთში ჩვენთვის გაწეული დახმარება არ იყოს დავიწყებული, სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი უკრაინელი ძმები ისევ ჩვენს გვერდით დადგნენ სოხუმის და გაგრის მისადგომებთან. მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დიდი საფრთხე - მაღალი ალბათობა უკრაინაში რუსეთის რეგულარული არმია შეიჭრას. ამ მომენტისთვის გვჭირდება მობილიზება, მხოლოდ ქართველი ოფიცრების და სამხედროების მხარდაჭერა არ იქნება საკმარისი, აუცილებელია თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების მობილიზება, რათა დამატებითი და ძლიერი წინააღმდეგობა გავუწიოთ უკრაინაში პუტინის რუსეთს.
ამიტომაც მოგიწოდებთ, დღესვე დავიწყოთ მობილიზება, თუნდაც სიების შედგენა იმ გულადი ქართველებისა, ვინც რუსეთის შეჭრის შემთხვევაში მზად იქნება დაუყოვნებლივ, მყისიერად თავისუფლების და აფხაზეთის სახელით გაემგზავრონ უკრაინაში და კიდევ უფრო გავაძლიეროთ იქ ჩვენი მყოფი ქართველობა.
უნდა ვიბრძოლოთ საქართველოს თავისუფლების მტრის წინააღმდეგ ყველგან და ყოველთვის!