მერიაში დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობის მეორე სხდომა გაიმართა
ხე-ტყის უკანონონო მოჭრაზე მონიტორინგი გაძლიერდება და შესაბამისი სანქციები გამკაცრდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
დღეს თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობის მეორე სხდომა გაიმართა. სხდომაზე ქალაქის გამართულად ფუნქციონიებისთვის აუცილებელი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხად გამწვანებისა და ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებული პრობლემები იყო.
მთავრობამ ზადამხედველობისა და გამწვანების სამსახურების ხელმძღვანელებისგან მიიღო ინფორმაცია ხე-ტყის უკანონო ჭრასთან და ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიის გამწავანებასთან დაკავშირებით. თბილისის მერის თქმით, ბოლო პერიოდში მერიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან გამოვლენილი ხეების უკანონო ჭრის არცერთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩენილა. ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა ყველა ის პირი, ვინც მსგავსი ტიპის უკანონობას ახდენდა.
"ჩვენ შესაბამის ჯგუფებს გავაძლიერებთ და გავამკაცრებთ მონიტორინგს, რათა მათ, ვისაც ხის ჭრაზე ნებართვები აქვთ, იმოქმედონ ნებართვის შესაბამისად, შეასრულონ აღებული ვალდებულებები და მოახდინონ შესაბამისი ტერიტორიების გამწვანება. ხოლო ისინი, ვინც უკანონოდ ახორციელებენ ამას, მკაცრად დაისჯებიან," - განაცხადა მთავრობის სხდომის შემდეგ დავით ნარმანიამ.