ბაჩო ახალაია - მინდა მივმართო იმ დაბალი რანგის ოპერატიულ თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ ამას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის საქმეზე პროცესი განახლდა. სხდომაზე დაცვის მხარის შვიდ მოწმეს დაკითხავენ. მათგან ხუთი სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი თანამშრომელია. დღევანდელ სხდომაზე ადვოკატები დააყენებენ ერთ შუამდგომლობას, რომელიც, ორი მოწმის დაკითხვის დროს პროცესის დახურვას გულისხმობს, რადგან ისინი ადვოკატების თქმით, სპეცრაზმის თანამშრომლები არიან.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე განცხადება გააკეთა ბრალდებულმა ბაჩო ახალაიამ. მან უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
"დათო მარგიშვილი, ამ ეტაპისთვის საქართველოში სწორედ იმიტომ იმყოფება, რომ მან გაუწიოს კოორდინაცია იმ ჩვენს გაჟღერებულ გეგმას ნებაყოფლობითი მობილიზაციის შესახებ. ეს გეგმა თავისთავად მხოლოდ მაშინ ამუშავდება, როგორც ვთქვი, თუ რუსული არმიის შეჭრა იქნება უკრაინაში და დიდი ალბათობით, ასეთი საფრთხე არსებობს.
იმ დროისათვის მებრძლ უკრაინელ სამხედროებს და იქ მყოფ ქართველებს დასჭირდებათ მასიური და ტოტოალური მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, ასეთი ერთ-ერთი ოფიცერია დათო მარგიშვილი. მან საკუთარ თავზე ეს ყველაფერი უკვე გამოიარა და ის ჩაუდგება ამ პროცესს სათავეში, რაც მთავარია, და მიხედავს ამ ნებაყოფლობითი მობილიზაციის საკითხს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ნამდვილად საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების თემა. ყველა, ვინც ამ დავალებას იძლევა და პირდაპირი მნიშვნელობით ამ ბიჭების ოჯახებს აწიოკებს, ჩემთვის სრულებით გასაგებია, რომ ეს არის რუსული დავალება, აქ სათქმელი მეტი არაფერი არ არის. პირდაპირი კავშირია და ეს არის სუფთა რუსული სცენარი, რომლითაც ცდილობენ ქართველების შებოჭვას იმისთვის, რომ თავისუფლებისთვის არ ვიბრძოლოთ უკრაინაში.
მე მინდა მივმართო იმ დაბალი რანგის ოპერატიულ თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ ასრულებენ ამას. ზოგჯერ ძალიან ცინიკურად, ზოგჯერ ძალიან თავხედურად, მათაც უნდა იცოდნენ, ეს საქმე ეხება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხს და გარწმუნებთ, რომ მომავალში, როგორც ყველა სხვა საკითხთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამ თემაში არ მიიღება არგუმენტი დამავალეს და ვასრულებდი", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.