ბათუმში მსხვილ ინვესტორებს ელოდებიან
15 აგვისტოს, 10:00 საათზე ქ.ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" ევროპის ეკონომიკური სენატის ინიციატივით გაიმართება საერთაშორისო ფორუმი "ევროპის ეკონომიკური სენატის კონგრესი", რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, აჭარის ფინანსთა და საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და საქართველოს მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან.
ევროპის ეკონომიკური სენატი წარმოადგენს ევროპული ბიზნესის საკოორდინაციო ცენტრ-ორგანიზაციას, რომელშიც გაწევრიანებულია მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები ევროკავშირის ქვეყნებიდან. სენატის პრეზიდენტია ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ბ-ნი ინგო ფრედერიკი.
კონგრესში მონაწილეობას მიიღებენ სენატის აღმასრულებელი დირექტორი, სენატორები, ევროპის მსხვილ გადამხდელათა კავშირის თავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრები, ევროპელი ინვესტორები, ქართული მხრიდან კონგრესს დაესწრებიან და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ქართველი ბიზნესმენები. კონგრესის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ქართველ და ევროპელ ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.
კონგრესზე განიხილება ქართულ-ევროპული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისა და გამარტივების, ევროპული ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოში ევროპული ბიზნეს სტანდარტების დანერგვის, ევროპაში ქართული ბიზნეს ინტერესების ხელშეწყობის გზებზე. ასევე ევროპელი ინვესტორებისათვის გაკეთდება რამდენიმე საინტერესო ქართული საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია.
კონგრესის ორგანიზატორია "საქართველოს ბიზნეს კლუბი". კლუბი დაარსდა 2014 წელს და უკვე აერთიანებს რამდენიმე მსხვილ ბიზნეს კომპანიას. კლუბის პრეზიდენტია ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ბატონი შოთა სიგუა. ბიზნეს კლუბს ევროპის ეკონომიკურ სენატში ეყოლება 10 წარმომადგენელი სენატორის სახით. სენატორები შეირჩევიან წევრი ბიზნესმენებიდან დარგების მიხედვით: მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, მედიცინა, ენერგეტიკა, მედია და სხვა.
კონგრესზე ბიზნეს კლუბის პრეზიდენტი გააკეთებს კლუბის პრეზენტაციას, პარალელურად მოხდება რამდენიმე ქართველი ბიზნესმენის წარდგენა სენატორად.