დენიელ ფეიტა: მე არ ვამბობ, რომ წინა ხელისუფლებას შეცდომები არ დაუშვია!

დენიელ ფეიტა: მე არ ვამბობ, რომ წინა ხელისუფლებას შეცდომები არ დაუშვია!

  "ზოგიერთი გახმაურებული დაკავება პოლიტიკური შეხედულებებით უფრო იყო მოტივირებული, ვიდრე ფაქტებით",- აცხადებს ნატოსა და ევროპის საკითხებში ამერიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე დენიელ ფეიტა.

  "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ფეიტა ამბობს, რომ მთავრობამ ყველას უნდა დაანახოს, რომ  ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ანგარიშსწორებისა და "კუდიანებზე ნადირობის" გარეშეა შესაძლებელი.

 

  "მე არ ვამბობ, რომ წინა ხელისუფლებას შეცდომები არ დაუშვია. თუ მართლაც იყო ასეთი ფაქტები, ახლანდელი და ნებისმიერი მომავალი ხელისუფლების დემოკრატიული ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, შეისწავლოს წინა დარღვევები. მაგრამ ყველაფერი დაფუძნებული უნდა იყოს ფაქტებზე და არ უნდა იქმნებოდეს "კუდიანებზე ნადირობის" შთაბეჭდილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის, ამერიკისა და მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოებაში შეიქმნება შეხედულება, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხრივ პროგრესი არ შეინიშნება და თუ არ ხარ დემოკრატი, მაშინ ნატო-ს წევრი ვერ გახდები. მე არ ვამბობ, რომ საქართველოში დემოკრატია არ არის, მაგრამ მთავრობის ზოგიერთი ქმედება შეკითხვას აჩენს იმაზე, არის თუ არა საქართველო პოლიტიკურად და დემოკრატიულად სათანადოდ შემდგარი ქვეყანა იმისთვის, რომ ალიანსის წევრი გახდეს", - აცხადებს ფეიტა.

ფეიტას მოსაზრებით, "რთული სათქმელია" გამოიწვია თუ არა საქართელოში დემოკრატიული განვითარების შეფერხება ბოლო დროს განხორციელებულმა დაკავების ფაქტებმა.

  მისივე თქმით, იგი თავად იყო კვლევითი ორგანიზაციის წევრი, რომელიც დემოკრატიულ განვითარებასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს სწავლობდა.

"ვიცი, რომ გამოქვეყნდა რამდენიმე ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ზოგიერთი ნაბიჯი გამართლებული არ იყო, თუმცა ამავე დროს, იყო ნაბიჯები, რომლებსაც მყარი საფუძველი ჰქონდა. რთულია იმის თქმა, შეფერხდა თუ არა საქართველოში დემოკრატიული განვითარება. მთავარი ფაქტორი მასშტაბებია. კონკრეტული ადამიანების ვინაობა რომ არ გავითვალისწინოთ და მხოლოდ დაკავებების მასშტაბებს შევხედოთ, პოლიტიკური ანგარიშსწორების, შურისძიების სურვილის შთაბეჭდილება იქმნება, რაც დემოკრატიისთვის ჯანსაღი მდგომარეობა არ არის. თუ დაკავებები ფაქტებს ეფუძნება, ისინი გამართლებულია. საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შეინიშნება ტენდენცია, რომ უამრავ ადამიანს იჭერენ იმისთვის, რომ მათ მთავრობისგან განსხვავებული შეხედულება აქვთ. არ ვამბობ, რომ საქართველოშიც ასეა, მაგრამ ბევრი კომენტარი იქნა იმაზე გაკეთებული, რომ ზოგიერთი გახმაურებული დაკავება პოლიტიკური შეხედულებებით უფრო იყო მოტივირებული, ვიდრე ფაქტებზე დაყრდნობით", - განაცხადა ფეიტამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: