გიოგი ონიანი:–" საზოგადოებაში გროვდება ის პროტესტი, რომლის შეჩერება შემდეგ, როგორც წესი შეუძლებელია ხოლმე"
ბოლო დღეების განმავლობაში ადვოკატი გიორგი ონიანი ისე აქტიურად აღარ ჩანდა საზოგადოების წინაშე, როგორც ამას ხალხი მიეჩვია. აქედან გამომდინარე არაერთი მოსაზრება გაჩნდა და სად მთავრდებოდა სიმართლე და სად იწყებოდა ჭორი, ძნელი გასარკვეი იყო. "ივერიონი" გიორგი ონიანს დაუკავშირდა.
–არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ იმის შესახებ, რომ გოგა ონიანი საქართველოდან წავიდა, ზოგი იმასაც ამბობს, რომ თქვენ რაღაც გეგმის ნაწილი ხართ და ამზადებთ ახალ ეტაპს "ცხელი შემოდგომისთვის", მოდით ვუთხრათ საზოგადოებას, სად იყავით?
–ბოლო ორი დღე ისრაელში გავატარე, ქალაქ ლიშონ ლიზოში, ჩამოვედი და ერთი წუხილი არ მანებებს თავს, თან ეს მიუხედავად იმისა, რომ ბოღმიანი და შურიანი ადამიანი ნამდვილად არ ვარ. ამ ქვეყანაში ომია, პალესტინა ყველანაირად ცდილობს ისრაელს პრობლემები შეუქმნას და ამ დროს ხელისუფლება, ხალხი და ოპოზიცია დღედაღამეს ათენებს ქვეყნის წინსვისთვის. არის უამრავი მშენებლობა, ახალი პროექტები და დაფასებული სახელმწიფო სტრუქტურები. ჩემი ქვეყანა კი დღითიდღე ბრუნდება 90–იან წლებში და ემსგავსება ბანანის რესპუბლიკას. ამაზე ცუდი განცდა უბრალოდ არამგონია არსებობდეს, თუმცა მაქვს იმედი, ისევ ხალხი დააყენებს ყველაფერს თავის ადგილზე და თვითონაც გაიაზრებს, რომ მისი სამფლობელო არ მთავრდება სადარბაზოში გასასვლელ კარებთან და იგი ფსოუდან წითელხიდამდეა გადაჭიმული. ამ სამფლობელოს კი საქართველო ჰქვია და მას მოვლა და პატრონობა სჭირდება.
–და როგორ ხედავ იმას, რომ თავად ხალხი დააყენებს ყველაფერს თავის ადგილზე?
–როდესაც ხელისუფლება აშკარად ცდება ქვეყნის განვითარების გზას და როცა ქვეყნის სუვერენიტეტს და მის დამოუკიდებლობას ექმნება საფრთხე, საზოგადოება როგორც წესი ყოველთვის ადექვატურია ასეთი სახის გამოწვევების.
–უფრო კონკრეტულად?
– როგორც ეს მოხდა 2003 წელს.
–2003 წელს ვარდების რევოლუციამ შეცვალა არსებული რეალობა, ახლა თუ არის ძალა, რომელიც ვარდების თუ არა იების რევოლუციას წამოიწყებს და გაყვება ხალხი? ვგულისხმობ იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა", რომელმაც ვარდების რევოლუცია მოახდინა და ახლა ქვეყანაში ისევ მთავარ ოპოზიციურ ძალად არის დასახელებული, საზოგადოების ნაწილში დამნაშავე, კრიმინალურ ძალად არის დასახელებული და ძნელი წარმოსადგენია ხალხის მასა ისევ აიყოლიოს, სხვა ოპოზიციური პარტიები თუ შეძლებენ ხალხის აყოლიებას? თუ მესამე ძალა უნდა გამოჩნდეს?
–ხალხს ვერავინ ვერ აიყოლიებს, პირიქით საზოგადოებაში გროვდება ის პროტესტი, რომლის შეჩერება შემდეგ, როგორც წესი შეუძლებელია ხოლმე, აი ვის აირჩევს ხალხი ლიდერად და ვინ გაუწევს კოორდინაციას აღნიშნულ მოვლენებს, ამას წინასწარ ვერავინ იტყვის, ერთი ცხადია, ეს იქნება ქართველი პოლიტიკოსი რომლის ქარიზმა და პოლიტიკური ალღო რამდენჯერმე აღემატება სხვა პოლიტიკოსების შესაძლებლობებს.
–სააკაშვილზე შიდა ძებნის გამოცხადება საზოგადოების ერთმა ნაწილმა სასაცილოდ, ნაწილმა აგრესიულად მიიღო, როგორ ფიქრობთ, რა არის ეს, თვალისახვევის მომენტი, უსუსურობა თუ რა? სააკაშვილი რომ ქვეყანაში არ არის, ეს ცხადია, აბა აქ რატომ ეძებენ?
–ეს პროცესი თავისი არსით სასაცილოა მისი დაწყების დღიდან, ალბათ ყველას ახსოვს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი დაიბარეს 10 სისხლის სამმართლის საქმესთან დაკავშირებით, რაც თავშივე სამართლებრივ ნონსენს წარმოადგენს და ბოლოს მივიდნენ იქამდე, რომ თურმე მთავარი დანაშაული მივლინებების დროს თანხის გადახარჯვა ყოფილა და ამ შეფასებას იძლევა ხელისუფლება, რომელთაც ერთი მილიარდით გარღვეული ბიუჯეტის პირობებში პრემიების სახით 138 მილიონი გასცეს, ამიტომ ეს არაიმდენად სასაცილო, რამდენადაც პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია. ხოლო შიდა საქვეყნო ძებნას რაც შეეხება, მე არ გამიკვირდება ამ ხელისუფლებისაგან, თუ მომავალში მისი ადგილსამყოფელის დადგენისათვის ჯილდოსაც კი დააწესებენ.
–და ბოლო კითხვა–ამ ბოლო ხანებში საკმაოდ ხშირია ნაციონალური მოძრაობის ყოფილი მხარდამჭერების სხვადახსხვა თანამდებობაზე დანიშვნა, მე იმათ ვგულისხმობ, მაისურები რომ სასწრაფოდ გამოიცვალეს,დაიჯერეს რომ მთელ საზოგადოებას ამნეზია დაემართა და ახალ დროებას მოერგნენ, რას იტყვით ამ ადამიანებზე?
–,,ამ ადამიანებზე" ცოტა მაღალი ნათქვამია, ჩემთვის ეს სუბიექტები ადამიანებთან არ ასოცირდებიან. ადამიანს აქვს ღირსება და არ შემოიფარგლება მხოლოდ კუჭის სიმაძღრით განსხვავებით ამ არსებებისგან. მათი ქმედებები ცალკე წიგნად უნდა გამოიცეს და ისწავლებოდეს სკოლაში, როგორი არ უნდა გაიზარდოს ქართველი.