რატომ ეკინკლავება ღარიბაშვილი მარგველაშვილს და მივდივართ თუ არა პოლიტიკურ კრიზისამდე?!

რატომ ეკინკლავება ღარიბაშვილი მარგველაშვილს და მივდივართ თუ არა პოლიტიკურ კრიზისამდე?!

  დაპირისპირება   საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის ახალ ფაზაში გადავიდა.
 თუ ადრე, ერთის მხრიდან უფლებამოსილების მიტაცებაზე, ხოლო მეორის მხრიდან წაყრუებაზე ( რასაც პრეზიდენტ მარგველაშვილს სისუსტედ უთვლიდნენ) იყო საუბარი, დღეს უკვე პრეზიდენტის მხრიდან უფლებამოსილების დემონსტრირებას უსვამენ ხაზს. კონკრეტულად საქმე ეხება ექს-პრეზიდენტის წარმომადგენლობით ხარჯებზე "გრიფით საიდუმლო" მოხსნას, რომელიც მარგველაშვილმა დროში გაწელა.
   პრემიერის შენიშვნა, რომ ეს სწრაფად გასაკეთებელი იყო და ამდენი დრო არ უნდა დასჭირვებოდა, მარგველაშვილის კომენტარი მოჰყვა.
  "იმისთვის, რომ დააჩქაროს ვინმემ გადაწყვეტილება, რაიმე ძალაუფლება , ან შესაძლებლობა  უნდა ჰქონდეს... უნდა იცოდე, სად იწყება და სად მთავრდება კანონი, სად მთავრდება ვალდებულებები და ხელისუფლების გამიჯვნები"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა  და ამ  პასუხით პრემიერს  ღონიერი ალიყური უთავაზა.თან მიანიშნა, რომ მას არა აქვს არც ძალაუფლება, არც შესაძლებლობა დააჩქარებინოს გადაწყვეტილება და უხეშად  შეიჭრას მის კომპეტენციებში. რაც შეეხება ხელისუფლების გამიჯვნას, მართალია, ამას საქართველოს კონსტიტუცია არეგულირებს, მაგრამ ამ  ბოლო ხანებში კონსტიტუციური ნორმების არაერთგზის დარღვევის მოწმენი გავხდით - საუბარია უფლებამოსილებების მიტაცებაზე, რომელიც კონსტიტუციურად პრეზიდენტის პრეროგატივაა , მაგრამ, მთავრობის გადაწყვეტილებით პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში გადავიდა...
   თამამად შეიძლება თქვას, რომ   პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი  დამოკიდებულება ხელების გადაგრეხვის პოლიტიკას ჰგავს, რომლის საბოლოო მიზანი ან პოლიტიკური კრიზისის შექმნა, ან პირველკაცობის დემონსტრირებაა.
  ხელოვნურად რაც არ უნდა შეკვეცონ პრეზიდენტის  უფლებები, არსებული კონსტიტუციით, პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია. იგი გახლავთ უმაღლესი მთავარსარდალი და ერთპიროვნულად წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო ურთიერთობებში. მართალია , ის არ  არის მთავრობის მეთაური, მაგრამ, თავად  წარადგენს მთავრობას პარლამენტში დასამტკიცებლად და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, პრემიერისგან განსხვავებით, რომლის წარდგინება-არწარდგინება  პრეზიდენტის კეთილ ნებაზეა  დამოკიდებული, მარგველაშვილი საზოგადოების მიერ საყოველთაო  კენჭისყრით არჩეული ფიგურაა, რომელსაც გარდა ვალდებულებებისა ამომრჩეველთა წინაშე, აქვს კონსტიტუციურად გარანტირებული უფლებამოსილებებიც. 
   მართალია, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის შავმა კატამ  კარგა ხანია გაირბინა, მაგრამ, ახლანდელი კინკლაობა უკვე კულუარულ ფორმებს გასცდა და ბზარი იმდენად დიდია, შეიძლება "კედლები" მალე ჩამოიშალოს, ანუ, მათ შორის დაპირისპირება რეალურად გადამწყვეტ ფაზაში გადავიდეს!
  ერთი შეხედვით, ღარიბაშვილისგან განსხვავებით, ამჯერადაც პრეზიდენტი სიმშვიდეს ინარჩუნებს და  აპელირებას კანონზე აკეთებს. თუმცა, ამ გარეგნული "სიმშვიდის" მიღმა აშკარად ჩანს ის "მომაკვდინებელი ბაცილა", რომელმაც უახლოეს მომავალში მწვავედ შეიძლება იფეთქოს!
    ლოგიკურად ისმება კითხვა: რა უნდა  ღარიბაშვილს - იმის დემონსტრირება, რომ ის სახელმწიფოს პირველი პირია და თავისი განცხადებებითა თუ მკვეთრი  გადაწყვეტილებებით ცდილობს კიდევ უფრო დაამცროს პრეზიდენტის ინსტიტუტი და  მარგველაშვილი წარმოაჩინოს, როგორც უსუსური ინსტიტუტის მეთაური, თუ საზოგადოებას სურს  დაუმტკიცოს, რომ ივანიშვილის  რჩეულმა (ამ შემთხვევაში მარგველაშვილმა), საკუთარ გუნდს უღალატა და დამოუკიდებელი  თამაშის წამოწყება გადაწყვიტა.
  ამ "თამაშში"თავისთავად  სააკაშვილის რეჟიმთან სიახლოვე იგულისხმება. უკვე იმასაც ამბობენ, რომ "ნაციონალებმა" შესძლეს ესარგებლათ ღარიბაშვილ-მარგველაშვილის კინკლაობით და საჭირო  დროს საჭირო ადგილას გაჩდნენ!
  არ არის გამორიცხული, ხელოვნურად უფლებაშეკვეცილი   პრეზიდენტი "ნაციონალებმა" რევანშზე დაიყოლიონ, რაც აშკარა პოლიტიკური კრიზისის მომასწავებელი იქნება. თუმცა, პოლიტიკური კრიზისის ნიშნები  უკვე სახეზეა.
    ვეთანხმები ბატონ კახი კახიშვილს, რომ  შეიძლება ადამიანი არ მოგწონდეს , მაგრამ, საქმის (სახელმწიფო) ინტერესებიდან გამომდინარე , მასთან უნდა ითანამშრომლო. ამ შემთხვევაში კახიშვილის კრიტიკის     მახვილი ღარიბაშვილისკენ არის მიმართული.
   ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარგველაშვილი "ქართული ოცნების" მამამთავრის - ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია. სწორედ ივანიშვილის დაჟინებული მოთხოვნითა და ხათრით მისცა  მას ხმა ამომრჩეველმა, მიუხედავად იმისა, მოსწონდათ თუ არა იგი.
  ისე თავის დროზე არავის დაუსვამს კითხვა: რა დამსახურების გამო მოხვდა იგი ივანიშვილის გუნდში - ჯერ განათლების მინისტრად, ხოლო შემდეგ პრეზიდენტობის კანდიდატად და შეიძლებოდა თუ არა იმ  ადამიანის ნდობა, ვინც საკუთარ თავს პლასტელინს ეძახდა, ვისთვისაც ოჯახური სიწმინდე ტრადიციულ ღირებულებას არ წარმოადგენდა, ხოლო, ცოლს პრეზიდენტობის გამო არ მოიყვანდა?!
   იმდენად დაბრმავებულია საზოგადოება, რომ ივანიშვილს მარგველაშვილის ნაცვლად თუნდაც "ნაცმოძრაობის" ოდიოზური ფიგურები ბოცო (იგივე ნუგზარ) წიკლაური, ან გივი თარგამაძე დაესახელებინა პრეზიდენტობის კანდიდატად, რეაქცია ალბათ იგივე იქნებოდა- რადგან ბიძინა ასე ფიქრობს, ჩვენც უნდა დავუჯეროთო!...
      ნიშანდობლივია  ისიც, რომ "უწყინარი" მარგველაშვილის მხრიდან კლანჭების გამოჩენა შემთხვევითი სულაც არ არის. მიუხედავად მოჩვენებითი კოალიციური სიმშვიდისა, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ მარგველაშვილს პოლიტიკური ტრიუკის შემთხვევაში სათადარიგო მხარდამჭერებად "ნაციონალებთან" ერთად ალასანია და რესპუბლიკელები ეგულებოდეს- მტკიცება არ უნდა, რომ მათ არა მარტო ღარიბაშვილისადმი ანტიპათია, არამედ, იდეოლოგიური მსგავსებაც აერთიანებთ. აქედან გამომდინარე, ვინც მარგველაშვილს ხელმოცარულ, უსუსურ ფიგურად მიიჩნევს, ძალიან ცდება!
  ვფიქრობ, ღარიბაშვილი უხერხულობაში ჩააყენა მთავრობის  ადმინისტრაციის  უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ, როდესაც იგი პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მას ჰყოფნის "სიმამაცე"- შეაფასოს მარგველაშვილის დამოკიდებულება კანონთან მიმართებაში და ამით პრემიერის პოზიციაც "გაამყაროს". არადა, საპირისპირო შედეგი მივიღეთ. საზოგადოებამ კობახიძის თავგამოდება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი უპატივმცემლობად ჩათვალა და იგი "არამკითხე მოამბეს" როლში ჩააყენა.
  ასეა თუ ისე, პოლიტიკური კრიზისის სიმპტომები სახეზეა: ერთის მხრივ, საქმე გვაქვს ხალხის  მიერ არჩეულ პრეზიდენტთან, რომელიც უკვე აშკარაა საკუთარი უფლებების გამოყენებისთვის და  საკუთარი გარემოცვის გაფართოებისთვის იბრძვის, ხოლო, მეორეს მხრივ, იგივე პრეზიდენტის მიერ წარდგენილ პრემიერ-მინისტრთან,რომელსაც,  ან პირველკაცობის ამბიცია აწუხებს, ან თავისი პოლიტიკური ტრიუკებით სურს მარგველაშვილი უფუნქციო პრეზიდენტად წარმოაჩინოს.
   ორივე შემთხვევაში ადვილად შეიძლება მივიდეთ (თუ მისულები არ ვართ) პოლიტიკურ კრიზისამდე. ძნელია იმის პროგნოზირებაც, სახელისუფლებო შტოებს შორის აიწონა-დაიწონას თამაშს ვინ როგორ გამოიყენებს!...
  რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ვისი ძალისხმევითაც მოვიდა ეს ხელისუფლება თავის პრეზიდენტიან- პარლამენტიან-მთავრობიანად.
  ერთი რამ უდავოა, პოლიტიკიდან  ნაჩქარევი წასვლა ივანიშვილს, სამართლებრივს რომ თავი დავანებოთ, მორალურ პასუხისმგებლობას ნამდვილად არ მოუხსნის!
  P.S თუ ღარიბაშვილისა და მარგველაშვილის კინკლაობა კიდევ უფრო გამწვავდა, ადვილად შესაძლებელია, არა მარტო ვადამდელი საპარლამენტო (რაზეც ხშირად აპელირებენ საზოგადოებაში), არამედ, საპრეზიდენტო არჩევნებამდეც მივიდეთ.
 დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ეს სავსებით ლოგიკური იქნება. რადგან, სახელისა და გვარის ფორმალურად შეცვლას ქვეყანაში სისტემური ცვლილებები არ მოჰყოლია და არც შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ახალ რეალობას მხოლოდ ახალი სულისკვეთების ადამიანები ქმნიან!სად არიან ისინი?!

 

 

ზაურ ნაჭყებია


საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: