ირაკლი ალასანიას აზერბაიჯანელმა კოლეგამ ზაკირ ჰასანოვმა უმასპინძლა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრს დღეს აზერბაიჯანელმა კოლეგამ გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა უმასპინძლა.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი ნახიჩევანში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრს საპატიო ყარაული დახვდა. შესრულდა საქართველოსა და აზერბაიჯანის ეროვნული ჰიმნები. მიღების ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრებს შორის ორმხრივი შეხვედრა შედგა. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხვალ საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იგეგმება. ირაკლი ალასანია, ზაკირ ჰასანოვი და ისმეთ ილმაზი თავდაცვის სფეროში სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ. განსაკუთრებული ყურადღება რეგიონის სტრატეგიული ენერგო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ერთობლივი დაცვის საკითხებს დაეთმობა.