ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების პატრონაჟით შექმნილი საუკეთესო სამხედრო დანაყოფები გვყავს
პრემიერ-მინისტრის აშშ-ის საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის კრეისერ ,,ველლა გალფზე" სტუმრობისას სიტყვით გამოვიდა.
"მინდა მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, პატივცემულო ელჩო, ბატონო ნორლანდ და ბატონო კაპიტანო.
ჩვენთვის ყოველთვის დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოსულ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის კუთვნილ ხომალდს ,,ველლა გალფს".
ამ ხომალდის შემოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსა და მთლიანად შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისადმი.
მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის განვითარებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საქმეში.
ჩვენი თანამშრომლობა მიმართულია დემოკრატიის განმტკიცებისაკენ, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების გაძლიერებისაკენ, სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისაკენ, და რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, ქართველი და ამერიკელი ხალხის დაახლოებისაკენ, რომლებიც საერთო მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებენ.
აქ დამსწრე საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა სისტემატურად ზრუნავს როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების, ისე თითქმის ყველა სამართალდამცავი უწყების განვითარებასა და მოდერნიზაციაზე. დღეს ჩვენ გვყავს ამერიკის შეერთებული შტატების პატრონაჟით შექმნილი საუკეთესო სამხედრო დანაყოფები, რომლებსაც თავისი წვლილი შეაქვთ ავღანეთში საერთაშორისო მშვიდობის განმტკიცების საქმეში.
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოებისათვის ახორციელებს მრავალჯერადი დახმარების პროგრამებს. ამ პროგრამების განხორციელების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის სამსახური დღითიდღე უახლოვდება მსოფლიოს წამყვან საზღვაო სახელმწიფოებში დამკვიდრებულ სტანდარტებს.
ახლაც დაგეგმილია ერთობლივი წვრთნები, რომლებიც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას და საქართველოს სანაპირო დაცვის პერსონალის პროფესიული უნარ-ჩვევების განმტკიცებას.
და ეს დახმარება არა მარტო სამხედრო და სამართალდამცავი სტრუქტურებით შემოიფარგლება - სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოს გახსნა, სადაც დასაქმებული არიან ჩვენი მოქალაქეები. გარდა ამისა, მიმდინარეობს ნავსადგომების გაღრმავება, რათა გაადვილდეს გემების უსაფრთხო შესვლა-გამოსვლა, დამთავრდა ფოთის ბაზის უსაფრთხოების ვიდეოსისტემის დამონტაჟება, განახლდა ზღვაზე თვალთვალის სისტემების უნიფიცირება, გაუმჯობესდა უსაფრთხოების პირობები ინფრასტრუქტურისა და მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტებში.
მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტსა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს შორის გაფორმებული დეკლარაციის საფუძველზე შემუშავებული ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამერიკის საელჩოს საფრთხეების შემცირების სამსახურმა განახორციელა - ჩვენ გადმოგვცეს გემების ამოსაღები ამწე, მიმდინარეობს პირსების,დახურული ნავსადგურის მშენებლობა ბათუმში, მცურავი ერთეულებისათვის შეძენილია სათადარიგონაწილები, სწორედ გემთსარემონტო სახელოსნოში განხორციელდა დამატებითი დაზგა-დანადგარების მონტაჟი და მომზადდა პერსონალი.
მინდა შეგახსენოთ,რომ 2013 წლის 2 აპრილს ბატონმა ელჩმა და მე, იმ დროისათვის შინაგან საქმეთა მინისტრმა, საძირკველი ჩავუყარეთ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის მშენებლობას. 2014 წლის 24 ივნისს კი სადგურ "სუფსის" ტერიტორიაზე საზეიმოდ გაიხსნა აღნიშნული ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სუბიექტებისა და სასაზღვრო რეჟიმის განმახორციელებელი სამსახურების კოორდინირებულ საქმიანობაში.
საქართველოს მთავრობის სახელით, მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამერიკის მთავრობას, პატივცემულ ელჩს, ჩვენს ამერიკელ სტუმრებს, რომლებიც ძალას არ იშურებენ, რომ ამერიკის უდიდესი ძალისხმევით შექმნილი - საქართველოს სამართალდამცავი და სამხედრო ძალების შემადგენლობა გახდეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მაღალპროფესიული, ეფექტიანი და მოქნილი.
კვლავაც გავიმეორებ მრავალგზის ნათქვამს - ამერიკის მეგობრობა და დახმარება ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ კარგად ვიცით მეგობრობის ფასი და ყოველთვის ვიდგებით მათ გვერდით, ვინც საქართველოს მხარდამჭერი და ერთგულია.
იმედი მაქვს, "ველა გალფის" კაპიტანსა და მის პირად შემადგენლობას ვიზიტის ფარგლებში გათვალისწინებულ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ."- განაცხადა პრემიერმა.