საპატიო კონსულებმა ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს
საქართველოს საპატიო კონსულები საგარეო საქმეთა სამინისტროს ბრალდებებს უყენებენ. დიპლომატები მაია ფანჯიკიძის უწყებას მათი უფლებების უხეშად ხელყოფასა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებენ.
ცნობილია, რომ 14 აგვისტოს საპატიო კონსულებმა ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს წერილით მიმართეს და საკითხის შესწავლას უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში ითხოვენ.
მიმართვას ხელს 22 საპატიო კონსულიდან 17 აწერს. მათი განცხადებით, მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის საპატიო კონსულებისთვის დაწესებული შეზღუდვები, რაც პროტესტის მიზეზი გახდა.
"დიპლომატიური მისიებისთვის პროტოკოლის სახელმძღვანელოში ცვლილებების რამდენიმე პუნქტია. მათ შორის არის სპეცნომრების ჩამორთმევა, აეროპორტებში პარკირების უფლების გაუქმება. ამ ტიპის შეზღუდვების იმპლემენტაცია ცალსახად გააუარესებს ამ კორპუსის სამუშაო პირობებს და ბუნებრივია ნეგატიურად იმოქმედებს იმ საქმიანობაზე, რომელსაც ეწევიან ჩვენი კოლეგები".- ნათქვამია წერილში.