ირაკლი ღარიბაშვილმა დარიალის ხეობაში სტიქიასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დარიალის ხეობაში სტიქიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა.
"საბედნიეროდ, ამუშავდა წინა სტიქიის დროს დამონტაჟებული სიგნალების სისტემა, რამაც შესაძლებელი გახადა ადამიანების დროული ევაკუაცია. ჩემი დავალებით, მთავრობის წევრები წუხელვე ჩავიდნენ სტიქიის ზონაში. ადგილზე იმყოფება 4 მინისტრი - ჭიკაიძე, ხოკრიშვილი, შავლიაშვილი, ხადური. შექმნილია საგანგებო შტაბი და უკვე დაწყებულია სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, შეყვანილია ტექნიკა. უკვე გაკეთდა დამბა, რაც მდინარე თერგს დაგუბების საშუალებას არ მისცემს. მიმდინარეობს 24-საათიანი მუშაობა და ზარალის მასშტაბი მალე დადგინდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა განაცხადა, სამწუხაროდ ის სტიქიის ზონაში ჩასვლას ვერ ახერხებს, რადგან ოფიციალური ვიზიტით სომხეთს მიემგზავრება.